თბილისში მყოფმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა დღეიდან ოფიციალური შეხვედრები დაიწყეს. დელეგაციის წევრები ცოტა ხანში, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შეხვდებიან.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა შეხვედრის დაწყების წინ იმ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელზეც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ისაუბრებენ.
"ჩვენი მთავარი თემები დღეს იქნება ის პირობები, რომელიც უნდა შეიქმნას ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის. ეს არის - ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, რეპრესიული კანონების გაუქმება და ზოგადად, რეპრესიების გაუქმება და შეჩერება ამ ქვეყანაში და ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ეს არის ის საკითხები, რომლებიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს კარგად ესმით, რომ არის რეალურად პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობა," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები, ორდღიანი ვიზიტის დროს, შეხვდებიან პოლიტიკოსების ფართო სპექტრსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი თანამშრომლობა საქართველოსთან.
გუშინ, დელეგაციის წევრებმა ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი უკვე მოინახულეს.