28 ოქტომბერი 2026,   05:43
ვრცლად
"მათ აინტერესებთ ქვეყანაში რა ხდება დემოკრატიის კუთხით, ადამიანის უფლებების კუთხით" - ლევან ნატროშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა დღეიდან ოფიციალური შეხვედრები დაიწყეს. მაღალი რანგის დელეგაციის წევრებსა და კოალიცია "ცვლილებებისთვის" წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მანამდე, შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო სექტორის წევრებთან. 

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ ბევრ საკითხს შეეხნენ, მათ შორის, იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ბოლოს შევიდა. 

"მათ აინტერესებთ ქვეყანაში რა ხდება დემოკრატიის კუთხით, ადამიანის უფლებების კუთხით, რა მდგომარეობაა ასევე სამოქალაქო სექტორში. ამაზე იყო ძირითადად დისკუსია და ჩვენ, რა თქმა უნდა, გავუზიარეთ ის ინფორმაცია, რაც გვაქვს, რაზეც ვსაუბრობთ უკვე დიდი ხანია. ბევრ საკითხს შევეხეთ, მათ შორის, თუნდაც იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ბოლოს შევიდა, წინა კვირას," - აცხადებს ლევან ნატროშვილი.

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ინფორმაციით დელეგაციის წევრები ორ დღიანი ვიზიტის დროს, შეხვდებიან პოლიტიკოსების ფართო სპექტრსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი თანამშრომლობა საქართველოსთან.

გუშინ, დელეგაციის წევრებმა ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი უკვე მოინახულეს.

დღის ამბები