ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში გრძელდება. მაღალი რანგის დელეგაცია დღეს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდება.
მანამდე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და საკანონმდებლო საქმიანობა, პარლამენტის თავმჯდომარის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრების მთავარი განსახილველი საკითხები იყო. ეუთოს წარმომადგენლობა შეხვდა ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს. სამ დღიან ვიზიტს ეუთოს მაღალი დონის დელეგაცია სავარაუდოდ დღეს შეაჯამებს.
"პირველ რიგში, რა თქმა უნდა მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანას ეწვია - პოზიტიური პრაქტიკის ერთგვარი აღდგენაც შეგვიძლია ვუწოდოთ ამ ვიზიტს. ალბათ, უფრო მეტს გაიგებს იმის შესახებ, თუ რა დემოკრატიულ ნაბიჯებს დგამს საქართველო ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიციური პარტიებისკენაც იქნება მოწოდება, რომ უნდა დაუბრუნდნენ დემოკრატიულ პროცესებს," - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ხელაძე.