27 ოქტომბერი 2026,   21:50
ვრცლად
ვნახეთ რა მავნე ეფექტი იქონია ე.წ. სამოქალაქო სექტორმა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, ამაზე აკეთებს განცხადებებს "ალტერნატივა გერმანიისთვის"- გიორგი გაბუნია

ახალი კითხვები ოფიციალურ ბერლინს. ბუნდესტაგის ოპოზიცია საქართველოში წარმოებული საინფორმაციო კამპანიების დაფინანსებით ინტერესდება.

გერმანიის ფედერალურ მთავრობას საკუთარ პარლამენტში მოუწევს განმარტებების გაკეთება იმ პროექტების შესახებ, რომლებიც, გერმანული ოპოზიციური პარტიის შეფასებით, საქართველოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.

პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" ბუნდესტაგში ოფიციალური კითხვები წარადგინა, სადაც დეტალურად არის განხილული საგარეო უწყების მიერ დაფინანსებული ინიციატივები.

საუბარია პროექტზე - "ქართული სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის".

ავტორთა შეფასებით, პროგრამა საქართველოში LGBTQ უფლებებისა და ერთსქესიანთა ქორწინების პოპულარიზაციას ემსახურება.

გერმანელი დეპუტატები ეჭვქვეშ აყენებენ პროცესის გამჭვირვალობას და ინტერესდებიან, რა მოცულობის საბიუჯეტო სახსრები გამოიყო ამ ინიციატივებისთვის, რა არგუმენტებით მიიჩნევს ბერლინი საქართველოს "ლგბტ კანონს" ანტიდემოკრატიულად და რა კონკრეტულ "ყალბ ამბებზე" საუბრობდა გერმანიის მთავრობა საქართველოსთან მიმართებით.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას თქმით, გარე წყაროებიდან დაფინანსებული ე.წ. სამოქალაქო სექტორის მოძრაობამ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში მავნე ეფექტი გამოიწვია და სწორედ ამ წყაროებზე აკეთებს განცხადებებს "ალტერნატივა გერმანიისთვის".

"ჩვენ, განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში, როდესაც ვიხილეთ რევოლუციის 5 მცდელობა, სამოქალაქო არეულობების ორგანიზება, სიძულვილის ენის გაღვივება. როდესაც ვნახეთ NGO აგენტურა, განსაკუთრებით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც პირდაპირ იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესში და და პირდაპირ ფინანსდებოდა გარედან, ევროკავშირის სხვადასხვა წყაროებიდან. ასევე, სანამ გაუქმდებოდა USAID-ი აშშ-დან, ჩვენ ვნახეთ რამხელა მავნე ეფექტი იქონია ე.წ. სამოქალაქო სექტორის მოძრაობამ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და როგორ ხდებოდა ამ ინსტრუმენტების მეშვეობით გარე ჩარევების ორგანიზება. ამ მიმართულებით, ერთ-ერთი მთავარი აქტორი ზუსტად იყო ის წყაროები, რაზეც ახლა "ალტერნატივა გერმანიისთვის" აკეთებს განცხადებებს. ჩვენს მიერ მიღებული საკანონმდებლო რეგულაციები სწორედ იმას ისახავდა მიზნად, რომ ასეთი საცეცები და ინსტრუმენტები მაქსიმალურად ყოფილიყო განეიტრალებული", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

დღის ამბები