უცხო ქვეყნისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით დაწყებული გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ცოტა ხნის წინ მივიდა გია ხუხაშვილი. ექსპერტთან გამოძიებას კითხვები მის განცხადებაზე აქვს, სადაც ხუხაშვილი ამბობს, რომ რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, საფრთხე რეალურია და შეიძლება, დაიწყოს ტერაქტების სერია.
გია ხუხაშვილის სუს-ში დაბარებას მმართველი გუნდიდან გიორგი გაბუნია გამოეხმაურა.
"ამ ადამიანის განცხადებებით და რჩევებით სად არიან მისული რადიკალები, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. მიმაჩნია, რომ სუს-ი უნდა დაინტერესდეს ამ განცხადებით და, ვფიქრობ, მიზანშეწონილი და აუცილებელია, რომ ეს ადამიანი იყოს გამოკითხული, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის იაფფასიანი პოპულიზმი და მცდელობა იმისა, რომ ეს ჩამოწერილი კაცი რამენაირად მოხვდეს საზოგადოების ინტერესში და ეპიცენტრში. მდაბიო და დაბალი დონის მცდელობაა იმისა, რომ მოიაზრებოდეს იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ახლა დაიბარეს სუს-ში," - აცხადებს გიორგი გაბუნია.