26 ოქტომბერი 2026,   23:40
ვრცლად
ყულევის ტერმინალის მაგალითზე საზოგადოებას შეუძლია შეაფასოს, რამხელა დეზინფორმაციის კამპანია წარმოებს საქართველოს  წინააღმდეგ - გიორგი გაბუნია

მმართველი გუნდი საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ "საინფორმაციო იერიშზე" საუბრობს. მათი განცხადებით, დეზინფორმაციულ კამპანიაში იკვეთება როგორც გარე აქტორების ინტერესი, ისე ადგილობრივი ძალების მცდელობა, ქვეყანაში ცრუ ნარატივები შექმნან.

უმრავლესობა აქცენტს აკეთებს დიდი ბრიტანეთის კავშირებზე საქართველოში მოქმედ კონკრეტულ მედიასაშუალებებთან. მაგალითად სახელდება პლატფორმა "აი ფაქტი", რომელიც, უმრავლესობის შეფასებით, წინასწარ ფლობდა ინფორმაციას ყულევის ტერმინალში შემავალი ტანკერის მოსალოდნელი დასანქცირების შესახებ.

ხელისუფლების მტკიცებით, ფაქტი, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ სწორედ "აი ფაქტის" დასახელებული გემი დასანქცირდა, ადასტურებს ამ მედიასაშუალების კოორდინაციას უცხოურ სპეცსამსახურებთან.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, აღნიშნულ მაგალითზე საზოგადოებას შეუძლია დაინახოს თუ რამხელა დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოს წინააღმდეგ.

"ჩართულნი არიან ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში. მათ გააჩნიათ კონკრეტული ინსტრუმენტები, მათ შორის, რადიკალური მედიის ნაწილი, კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც ნაყიდი ჰყავთ და ერთიანი ორგანიზებული მესიჯბოქსის მეშვეობით ავრცელებენ ორგანიზებულად ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოები ინტერესების წინააღმდეგ. მათ აქვთ ერთიანი ორგანიზებული სახე და ავრცელებენ ამ ნარატივებს.

ვნახეთ შედეგი, რაზეც მუშაობდნენ, რისთვისაც ამზადებდნენ საზოგადოებას. ინფორმაციას ავრცელებდნენ, თითქოს ყულევის ნავთობ ტერმინალი გამოყენებული არის სანქციების გვერდის ავლისთვისო, რომ თურმე საქართველო არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს.

აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ასე არ არის, აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილია. საზოგადოებისთვის ეს კარგი ფაქტია, რათა კარგად შეაფასოს თუ რამხელა დეზინფორმაციის კამპანია წარმოებს ჩვენ ქვეყნის წინააღმდეგ", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

 

დღის ამბები