ოპოზიციური პარტიების ალიანსის შექმნიდან ერთ კვირაში, პარტიებს შორის მწვავე დაპირისპირებაა. 9 პოლიტიკური სუბიექტი, რომლის ყველა ლიდერი წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი ან "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული პირია, ცდილობს წარსულს გაემიჯნოს.
სწორედ ეს გახდა მორიგი მიზეზი, რის გამოც პეტრე ცისკარიშვილი და თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ.
"ფედერალისტების" ლიდერი ცისკარიშვილს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციის გაერთიანებით, მათი მრჩევლები ცდილობენ ამომრჩევლების რამენაირად შენარჩუნებას, თუმცა რეალობა ცისკარიშვილ-ჩერგოლეიშვილის ურთიერთობაში კარგად ჩანს.
"პიროვნულად, მათი ურთიერთობა როგორიც არის, სოციალური ქსელების აქტიურმა მომხმარებლებმა მთელი ეს ეპოპეა კარგად იციან. ჩემი დახმარება მათ ერთმანეთის ეპითეტებით შემკობაში არ სჭირდებათ. რაც შეეხება პოლიტიკურ მდგენელს, ეს არის დაშლილ-შეერთებული "ნაციონალური მოძრაობა", აქ რა ნაწილია გულწრფელი და რა ნაწილია იძულებითი, ალბათ უფრო იძულებითი ქმედებაა ვიდრე ბუნებრივი სურვილი გაერთიანების. მეორე მომენტია, როდესაც საუბარია, რომ ერთ პარტიად ჩამოყალიბდე, ელემენტარულად, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, რომ არჩევნებში მონაწილეობს მხოლოდ პარტია და არა კოალიცია. ერთ რამეს ხვდებიან მათი მრჩევლები, რომ ისინი მთლიანად კარგავენ თავიანთ ამომრჩევლებს და იქნებ, ერთიანობაში რაღაც შეინარჩუნონ. არის მეორე, რეალური ცხოვრება, რომელიც ცისკარიშვილ-ჩერგოლეიშვილის ურთიერთობაში გამოსჭვივის", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.