გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების "აი, ფაქტი" დამფუძნებლის, ნინო ბაქრაძის განცხადებით, ყულევის ტერმინალში შემავალი ტანკერი ბრიტანეთმა მანამდე დაასანქცირა, ვიდრე ისინი კვლევას წარადგენდნენ.
ბაქრაძის თქმით, "აი, ფაქტს" არ აქვს იმხელა გავლენა, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილებებზე ზემოქმედებდნენ.
"2024 წლიდან რაღაც პერიოდულობით ვაკვირდებოდით პორტებს და ყველაფერი, რაც ვიპოვეთ, არის წარმოდგენილი. ბრიტანეთმა მანამდე დაასანქცირა, ჩვენი კვლევის შემდეგ არცერთი არ დაუსანქცირებიათ.
ჩვენ მათ ვაკვირდებოდით, მაგრამ არ გვაქვს გავლენა, რომ ბრიტანეთის მთავრობას ჩვენ ვუთხრათ და მერე დაასანქცირონ.
ჩვენ უბრალოდ ვაკვირდებოდით რაღაც პერიოდი, იმიტომ, რომ ხშირად შემოდიოდა და გვხვდებოდა თვალში და მერე გავიგეთ, რომ დაასანქცირეს", - განაცხადა ნინო ბაქრაძემ.
ცნობისთვის, მმართველი გუნდი საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ "საინფორმაციო იერიშზე" საუბრობს. მათი განცხადებით, დეზინფორმაციულ კამპანიაში იკვეთება როგორც გარე აქტორების ინტერესი, ისე ადგილობრივი ძალების მცდელობა, ქვეყანაში ცრუ ნარატივები შექმნან.
უმრავლესობა აქცენტს აკეთებს დიდი ბრიტანეთის კავშირებზე საქართველოში მოქმედ კონკრეტულ მედიასაშუალებებთან. მაგალითად სახელდება პლატფორმა "აი ფაქტი", რომელიც, უმრავლესობის შეფასებით, წინასწარ ფლობდა ინფორმაციას ყულევის ტერმინალში შემავალი ტანკერის მოსალოდნელი დასანქცირების შესახებ. ხელისუფლების მტკიცებით, ის ფაქტი, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ სწორედ "აი ფაქტის" მიერ დასახელებული გემი დასანქცირდა, ადასტურებს ამ მედიასაშუალების კოორდინაციას უცხოურ სპეცსამსახურებთან.