28 ოქტომბერი 2026,   04:06
ვრცლად
"სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება არის კონკრეტული დამნაშავის ვალდებულება" - არჩილ გორდულაძე მიხეილ სააკაშვილზე

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტში 8 მილიონ ლარზე მეტის გადახდას აკისრებს. ექსპრეზიდენტის დაცვის მხარე, მისი პარტია და რამდენიმე მედია ამ საქმეს "პიჯაკების საქმედ" მოიხსენიებს. რეალურად კი, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხოლოდ სასტუმროებსა და ბილეთებში გახარჯულია 3 მილიონამდე ლარი, კოსმეტიკურ პროცედურებზე 700 000 ლარი, კოლოსალური თანხებია დახარჯული გამაჯანსაღებელ ცენტრებში, საჩუქრებში, სამკაულებში, სააკაშვილის შვილების სწავლაში, მობილურ ტელეფონებში და ტანსაცმელში. ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი 9 მილიონ ლარამდეა.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პატიმარი სააკაშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს ბიუჯეტიდან პირადი მიზნებისთვის გაფლანგული მილიონობით ლარი უმნიშვნელოდ წარმოაჩინოს.

"როდესაც სახელმწიფო ქონების მიტაცებაზეა საუბარი, გამოვიდნენ და [ახსნან] "კოლექტიური "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები და 9 მილიონის რა პიჯაკი იყიდა მიხეილ სააკაშვილმა, რაში გამოიყენა და სად მოათავსა. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტური ტყუილია, აქ არის საუბარი პირადი მიზნებისთვის თანხების გამოყენებაზე, სახელმწიფო ინტერესების დაზიანებაზე, რასთან დაკავშირებითაც არსებობს სასამართლოს განაჩენი. თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს, კეთილი ინებოს და მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს. რატომ ვერ მიმართავს მიხეილ სააკაშვილი? - იმიტომ, რომ იცის სტრასბურგის სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ დამარცხდება. მათ შორის, დამარცხდებიან იმ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეების პოლიტიზება მოახდინონ. შემდეგ დამარცხდებიან ხოლმე სტრასბურგში და ბოდიშის მოხდაც არავის არ უნდა. არის სამართალი, არის კანონი და ყველა ვალდებულია, რომ კანონს დაემორჩილოს. შესაბამისად, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება არის კონკრეტული დამნაშავის ვალდებულება," - აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები