მმართველ გუნდში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, ბიუჯეტიდან პირადი მიზნებისთვის გაფლანგული მილიონობით ლარი უმნიშვნელოდ წარმოაჩინოს.
"9 მილიონის პიჯაკი, დარწმუნებული ვარ, შეიძლება ბილ გეიტს არ ჰქონდეს, არათუ ვინმე სხვას. ასე, რომ "პიჯაკების საქმე" არის ამ საქმის გასაბაიბურებლად მოგონილი ტერმინი. ასე რომ, აქ არაფერი პოლიტიკური არ არის. სამწუხარო იყო ის, რომ ეს დახარჯვა ხდებოდა არა კანონმდებლობის შესაბამისად, არამედ ცალკეული პირების პირადი მოსაზრების შესაბამისად, რაც იმთავითვე არის დანაშაული," - აღნიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
საუბარია საქმეზე, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტში 8 მილიონ ლარზე მეტის გადახდას აკისრებს.
ექსპრეზიდენტის დაცვის მხარე, მისი პარტია და რამდენიმე მედია ამ საქმეს "პიჯაკების საქმედ" მოიხსენიებს. რეალურად კი, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხოლოდ სასტუმროებსა და ბილეთებში გახარჯულია 3 მილიონამდე ლარი, კოსმეტიკურ პროცედურებზე 700 000 ლარი, კოლოსალური თანხებია დახარჯული გამაჯანსაღებელ ცენტრებში, საჩუქრებში, სამკაულებში, სააკაშვილის შვილების სწავლაში, მობილურ ტელეფონებში და ტანსაცმელში. ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი 9 მილიონ ლარამდეა.