31 ოქტომბერი 2026,   03:34
ვრცლად
"პირველი განცხადებაა, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობრივი აქციები დაიგმო" - თენგიზ შარმანაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაზე

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებას პოზიტიურად აფასებს. თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ ეს იყო პირველი ასეთი განცხადება, როდესაც ეს ძალადობრივი აქციები სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ იყო დაგმობილი.

"ეს იყო პირველი ასეთი განცხადება, როდესაც ეს ძალადობრივი აქციები სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ იყო დაგმობილი და თქვეს, რომ ეს არ არის გზა. მაგრამ, თუ დააკვირდით, მეორე საინტერესო განცხადებაც გააკეთა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, სადაც მან ძალადობაზეც ისაუბრა და დაგმო, ასევე აღნიშნა, რომ არც ბოიკოტი არის საუკეთესო გზა. ამიტომ, ჩვენ ამას ვამბობდით ყოველთვის, იმ 61 დეპუტატზე, რომლებიც არ შემოვიდნენ აქ და უფრო გაამწვავეს პოლიტიკური პროცესები საქართველოში. რაც შეეხება სხვა ნაბიჯებს, რომელზეც ისინი მოგვიწოდებენ, რა თქმა უნდა, ეს ისევ მათზეა დამოკიდებული იმ გაგებით, რომ ის, რაც ახლა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თქვა, იზიარებენ თუ არა, ამბობენ თუ არა ისინი საბოლოოდ უარს ძალადობის ესკალაციაზე საქართველოში, ამბობენ თუ არა უარს, რევოლუციური პროცესებით სიარულზე, აპირებენ თუ არა, კონსტიტუციურ ჩარჩოებში და კანონმდებლობის ჩარჩოებში პროცესების განვითარებაში მონაწილეობის მიღებას. თუ ეს ერთდროული პროცესი არ იქნა და ისინი ისევ იმ განცხადებებს გააკეთებენ, რომ მორიგი რევოლუციისთვის ემზადებიან, შავი ფულის შემოტანისთვის ემზადებიან და ა.შ. რა თქმა უნდა, აქედან არაფერი არ გამოვა. სახელმწიფოსთვის ხელის აქნევა, ბოიკოტებით სიარულს თავი უნდა დაანებონ და ბევრი რამ შეიცვლება ამ ქვეყანაში. უბრალოდ, ამის საშუალებას მათი პატრონები არ აძლევენ," - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ "სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა მიუღებელია, ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთებთან და არა იმ გზით რომელიც დამხობისკენაა მიმართული".

ვიზიტის შემაჯამებელ ტექსტში ნათქვამია, რომ დელეგაციამ მკაცრად დაგმო სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობა. ტექსტში ასევე ვკითხულობთ, რომ ბოიკოტი არ შეიძლება, იყოს დიალოგისა და პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა. ეუთოს მაღალი დონის დელეგაცია საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

 

 

 

დღის ამბები