"ოპოზიცია აღარ ჰქვია "ნაციონალურ მოძრაობას", მით უფრო, რომ დღეები აქვს დათვლილი", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას იტყვიან საერთაშორისო ორგანიზაციები, მათი დღის წესრიგი ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნაა.
"ოპოზიცია აღარ ჰქვია "ნაციონალურ მოძრაობას", მით უფრო, რომ დღეები აქვს დათვლილი. იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო, "ნაციონალურ მოძრაობას", მის სატელიტებთან ერთად, ანტისახელმწიფოებრივ ძალად გამოაცხადებს, მათ უფრო მარგინალური პოლიტიკური ძალები ჰქვიათ.
მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეუთო/ოდირი, გაერო აღიარებს თუ სხვა, ამ ხალხისთვის მნიშვნელობა არ ააქვს, ვინ რას იტყვის. მათთვის მთავარია, როგორმე საქართველოში ცუდი მოხდეს.
მთავარი ის არის, რომ საზოგადოებას სჯერა ეუთო/ოდირის განცხადების, რომ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა არის დასაგმობი, რომ არ შეიძლება ალტერნატივა ჰქონდეს პარლამენტში შესვლას, როცა აგირჩევენ და ა.შ. ჩვენი დღის წესრიგი არ არის "ნაციონალურ მოძრაობას" რამე დავაჯეროთ, ეს არის ულტრა რადიკალური სექტა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.