პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, ბიუჯეტიდან პირადი მიზნებისთვის გაფლანგული მილიონობით ლარი უმნიშვნელოდ წარმოაჩინოს.
"ტერმინი - "პიჯაკების საქმე" სწორედ იმიტომ მოიგონეს, რომ ჩვენს საზოგადოებაში გააჩინონ განცდა, რომ თითქოს რამდენიმე პიჯაკის გამო არის ეს საქმე აღძრული. ეს არის ძალიან მარტივი პიარული ხრიკი, როდესაც ისინი ცდილობენ დანაშაულის სიმძიმის გადაფარვას. სინამდვილეში ეს არის არა "პიჯაკების საქმე," არამედ 9 მილიონის გაფლანგვის საქმე," - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტში 8 მილიონ ლარზე მეტის გადახდას აკისრებს. ექსპრეზიდენტის დაცვის მხარე, მისი პარტია და რამდენიმე მედია ამ საქმეს "პიჯაკების საქმედ" მოიხსენიებს. რეალურად კი, საქმის მასალებით დასტურდება რომ მხოლოდ სასტუმროებსა და ბილეთებში გახარჯულია 3 მილიონამდე ლარი, კოსმეტიკურ პროცედურებზე 700 000 ლარი, კოლოსალური თანხებია დახარჯული გამაჯანსაღებელ ცენტრებში, საჩუქრებში, სამკაულებში, სააკაშვილის შვილების სწავლაში, მობილურ ტელეფონებში და ტანსაცმელში. ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი 9 მილიონ ლარამდეა.