28 ოქტომბერი 2026,   03:59
ვრცლად
საცობები, ჰაერის დაბინძურება, ძველი მანქანები - რატომ იცვლება თამაშის წესები?

დილაა. ქალაქი გამოღვიძებას იწყებს. დრო კიდევ უფრო ჩქარდება და ამ რიტმში ქუჩებიც ხალხითა და ტრანსპორტით ივსება. ყველას სადღაც ეჩქარება - სამსახურში, სკოლაში, ბაღში, უნივერსიტეტში, შეხვედრაზე…  

დიდი მოძრავი ნაკადიც ჭრელდება, საკუთარი დღის გეგმებიდან საყვირების ხმა გვაფხიზლებს. და თუ ამ დროს ქალაქის მოძრაობას ერთი წუთით ზემოდან დავაკვირდებით, დავინახავთ უწყვეტ ნაკადს - მანქანებს, რომლებიც წლების წინ სხვაგან უნდა დარჩენილიყო, მაგრამ საქართველოს გზებზე საკუთარი გზა მაინც იპოვეს. უწყევტი მოძრაობა ქაოსს ქმნის: კომფორტული გადაადგილება, ეკოლოგია და ადამიანის ჯანმრთელობა - დასაცავია. სწორედ ამ მიზნით, სახელმწიფო თამაშის წესებს ცვლის და დღის წესრიგში 6 წელზე მეტი ავტომობილების შემოყვანის აკრძალვას აყენებს. 

ახალი რეგულაცია - რა იცვლება?

გაზაფხულის მეორე თვე კალენდარზე სიახლეების ამოქმედების თარიღად უკვე მოინიშნა. რეგულაცია, რომელიც პირველი აპრილიდან ამოქმედდება, ქვეყანაში უკვე შემოყვანილ ავტომობილებს არ ეხება. შეზღუდვა მხოლოდ 6 წელზე მეტი ხნის ავტომანქანებს შეეხება. გარდა წლოვანებისა, იმპორტირებული ავტომობილი "ევრო 5" სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. ახალი რეგულაცია არ ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც ავტომობილი უკვე შეძენილი აქვთ და ტრანზიტისთვის ემზადებიან. რეგულაციები არც რეექსპორტზე გავრცელდება და არც ელექტომობილებზე. 

თუ 2012 წელს საქართველოში 864 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, წლევანდელი მონაცემებით, რეგისტრირებული მანქანების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა და როცა ავტომობილებისა და მოსახლეობის რაოდენობა, ერთმანეთს უტოლდება, ცვლილებები არა არჩევანი, არამედ აუცილებლობაა - სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ ახალი გადაწყვეტილება მიიღო. გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მოძველებული ავტოპარკის განახლება და კომფორტული გადაადგილება – მთავრობა მიღებულ გადაწყვეტილებას ამ არგუმენტებით ამყარებს.

ირაკლი კობახიძე: 

"ეს არის მნიშვნელოვანი ეკოლოგიისთვის, ადამიანების ჯანმრთელობისთვის და ეს არის მნიშვნელოვანი ადამიანების კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე. ირაკლი კობახიძემ სიახლე საზოგადოებას 12 თებერვალს გააცნო. კანონპროექტზე, გარემოს დაცვის უწყებამ, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად იმუშავა. აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილების ერთ-ერთ მთავარ მიზნად ავტოპარკის განახლება დასახელდა.

Open photo

საქართველოს ავტოპარკი - რამდენად ძველია მანქანები?

1 541 196 მანქანა - ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების უდიდესი ნაწილი 10 წელზე მეტი წლოვანებისაა. ქვეყანაში 4 მილიონზე მეტი ავტომობილი მოძრაობს, რაც გზების გადატვირთვას და ავტოსაზგაო შემთხვევებს იწვევს. თავის მხრივ კი, ამ პრობლემას, გაზრდილი მობილობა წარმოქმნის. შინაგან საქმეთა სამინისტროში ავტოპარკის განახლების აუცილებლობაზე საუბრობენ, დღის წესრიგში დგება ძველი ავტომობილების შემცირებაც. 

ალექსანდრე დარახველიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე:

"სიახლემ, ერთის მხრივ, გზებზე საცობები უნდა განტვირთოს, მეორეს მხრივ კი, ჯანსაღი გარემო უზრუნველყოს. აღნიშნული ცვლილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა, ეხება ისეთი ტიპის ავტომობილებს, რომელთა ტრანსპორტირება დაიწყება 2026 წლის პირველი აპრილიდან. რაც შეეხება 2026 წლის პირველ აპრილამდე შეძენილ და ტრანსპორტირებადაწყებულ ავტომობილებს, მათ ეს ცვლილება არ შეეხება. ასევე, ეს ცვლილება არ ეხება ისეთი ტიპის ავტომობილებს, რომლებიც უკვე საქართველოშია ან ექვემდებარება რეექსპორტს, ანუ ქვეყნიდან გაყვანას. ცვლილების მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ საქართველოში ავტოპარკი განახლდეს. არაერთი სტატისტიკური მონაცემი ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა ძალიან დიდია, 2 მილიონს გადააჭარბა უკვე. გარდა ამისა, ავტოპარკის ასაკი საკმაოდ მოძველებულია და, ძირითადად, ავტომობილების უმრავლესობის ასაკი 10 წელი და მეტია".

მხოლოდ გასულ წელს, საქართველოში 146 000-ზე მეტი ახალი მანქანა შემოვიდა. 2024 წლის მონაცემებთან შედარებით, ეს 25%-იანი ზრდაა. ყოველწლიურად მზარდი მონაცემები კი, მეტ მავნე აირის გაფრქვევას და ჰაერის დაბინძურებას ნიშნავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ეკოლოგიური პრობლემები ბოლო პერიოდში, სკვერებშიც კი შეინიშნება. ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყარო დღეს ქვეყანაში, ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვია. 

ეს პრობლემა კი განსაკუთრებით დიდ ქალაქებშია, რადგან მანქანების კონცენტრაცია საკმაოდ მაღალია. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხს მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს. ჰაერის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, სპეციალური ხელსაწყოებით მიმდინარეობს მავნე ნივთიერებების მონიტორინგი, რაც გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში მყისიერ რეაგირებას უზრუნველყოფს. ირკვევა, რომ 13-დან 11 წერტილზე, დილისა და საღამოს საათებში, ჰაერის დაბინძურების გადაჭარბება იკვეთება. ამიტომ, უწყება ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ემხრობა.  

 Open photo

რა გავლენა აქვს დაბინძურებულ ჰაერს ადამიანის ჯანმრთელობაზე?

დაბინძურებული ჰაერი ადამიანის ჯანმრთელობაზე მძიმე გავლენას ახდენს, მათ შორის, იწვევს სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებებს. ჰაერის დაბინძურება განსაკუთრებით საზიანოა მოწყვლადი ჯგუფებისთვის (ბავშვები, მოხუცები, ორსულები) დაბინძურებული ჰაერი კი სიმსივნეს, დიაბეტს, გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორულ დაავადებებს იწვევს.

ივანე ჩხეიძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი: 

"ავტომობილის გამონაბოლქვი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გარემოსდაცვით და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემად რჩება. სპეციალისტების განმარტებით, დღეისათვის ცნობილია 38 ქიმიური ნივთიერება, რომელიც გამონაბოლქვის შემადგენლობაში შედის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია". 

მავნე ნივთიერებები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: ნაწილი ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს, ნაწილი კი სხვადასხვა ორგანოსა და სისტემას აზიანებს. დადგენილია, რომ ხანგრძლივი და განმეორებითი ზემოქმედება დაკავშირებულია ფილტვის, შარდის ბუშტისა და ნაწლავის კიბოსთან, თუმცა, არაონკოლოგიური რისკები უფრო ფართოა, ესენია: სასუნთქი სისტემის პათოლოგიები, დემენციის რისკის ზრდა და ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით, ფილტვის ქრონიკული დაავადებების გამწვავება. მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას, ავტომობილების გამონაბოლქვის შემცირებას და კონტროლის გაზრდას მიესალმებიან.

თემურ მიქელაძე - პედიატრი:

"ჰაერის დაბინძურება ხდება სამრეწველო და ავტომობილების გამონაბოლქვის შედეგად, ცალკე არის სმოგი, როდესაც ხდება მძიმე ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურება. სმოგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და მიზეზი შეიძლება იყოს გამონაბოლქვი, ან მტვრისგან მოტანილი მძიმე ნაწილაკები. ასეთ დროს ბავშვებში განსაკუთრებით ვითარდება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, განსაკუთრებით - ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად".

Open photo

რას შეცვლის ახალი რეგულაცია?

6 წელზე მეტი ასაკის ვტომობილები ქვეყანაში ვეღარ შემოვა. სპეციალისტების შეფასებით, ახალი რეგულაცია გზებზე არსებულ ვითარებას და ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

საუბრობენ საერთაშორისო პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც, მრავალ ქვეყანაში არსებობს შეზღუდვები მოძველებული ავტომობილების იმპორტზე. მიზანი - გარემოს დაცვაა. ეს კი,  ევროპული ინტეგრაციის პროცესის ნაწილია. სიახლე საქართველოს სწორედ ევროპულ სტანდარტებთან აახლოებს, სადაც მოძველებული ტრანსპორტის ექსპლუატაცია შეზღუდულია.

 

 

დღის ამბები