პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პატიმრებთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა.
"გუშინ დავრწმუნდით, რომ თავს რომ გვაცოდებდნენ, რომ ვშიმშილობთო "სინდისის" პატიმრები, აღმოჩნდა, რომ თურმე არიან უსინდისო პატიმრები. კარგად ჭამენ, კარგად სვამენ, კარგ ხასიათზე არიან, ჩხუბობენ, საუბრობენ, დისკუსიები აქვთ გამართული და გარეთ საზოგადოებას თავს აცოდებენ, რომ ვშიმშილობთო, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ამ პატიმრებს შორის იყო რუსეთის მოქალაქე, რომელი აქ ჩამოვიდა, საქართველოში მიიღეს, როგორც სტუმარი, გაიარა გამოიარა, მოეწონა ქვეყანა, წავიდა, პოლიციას დაესხა თავს, პატრულის მანქანა დაამსხვრია, დაიჭირეს, აღიარა და კიდევ გონორით საუბრობს.
"ეს არის უსინდისობა, როდესაც ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა თავისი ქვეყნის წინააღმდეგ, შემდეგ იტყუება რომ შიმშილობს. ყოველ ჯერზე ვკითხულობთ ევროკავშირი რომ ამბობს, რომ გავათავისუფლოთ უკანონოდ დაკავებულები, სია მოგვცენ ვინ გავათავისუფლოთ. სიას იმიტომ არ გაძლევენ, რომ კითხვა გაჩნდება უნდა ჩასვან თუ არა სააკაშვილი ამ სიაში. ჩასვამენ ვაია არ ჩასვამენ ვუი. ასევე, უნდა ჩასვან თუ არა საკუთარი ცოლის სექსუალური ექსპლუატაციისთვის მსჯავრდებული უჩა აბაშიძე, რომელიც იყო იდეოლოგი ძალადობრივი აქციებისა, ჩასვამენ ვაია, არ ჩასვამენ ვუი. როგორც კი ამ ადამიანებს ჩასვამენ სიაში ხომ ავაფარებთ სახეზე იმ დანაშაულებს, რაც მათ აქვთ ჩადენილი.
იმიტომ არ დებენ სიას, რადგან კონკრეტულად ვერც ერთზე იტყვიან, რომ ვინმე არის უსამართლოდ დაკავებული. იციან, რომ არა მხოლოდ სამართლიანად არიან დაკავებულები, არამედ მათ ჩასვეს ეს ადამიანები ციხეში და დღეს ცდილობენ ივაჭრონ პატიმრებით. ეს არის პოლიტიკური ტრეფიკინგი ბრიუსელის მხრიდან, როდესაც არის ვაჭრობა ადამიანების ბედით. ეს არის ყველაზე უღირსი საქციელი, რასაც ვაკვირდებით ბრიუსელის მხრიდან," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.