ტყიბულის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესი ამ დრომდე აქტიურია. სოფელ კურსებში გადაადგილება აკრძალულია. მოსახლეობისგან ევაკუირებულ სოფელში მხოლოდ გეოლოგები მუშაობენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების პირველადი დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
მაშველებმა სტიქიის ზონიდან მოსახლეობა დროულად გაიყვანეს. დანგრეულია 10 სახლი. ევაკუირებულია 100-ზე მეტი ადამიანი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაზარალებულები დროებით, სხვადასხვა სასტუმროში გადაიყვანა.
სტიქიისგან დაზარალებულებს განახლებულ ინფორმაციას ხელისუფლების წარმომადგენლები ეტაპობრივად აწვდიან. ისმენენ მათ საჭიროებებს და აცხადებენ, რომ სახელმწიფო მოქალაქეების ინტერებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს. ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციაშია ჯანდაცვის სამინისტრო. უწყება დაზარალებულ მოსახლეობას მოთხოვნების შესაბამისად მედიკამენტებს მიაწვდის და სამედიცინო დახმარებას გაუწევს.
გეოლოგებთან ერთად, სოფელ კურსებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი რჩება. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. სტიქიის ზონაში შექმნილია საგანგებო შტაბი.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტიქიამ 58 ჰექტარი ფართობი მოიცვა. დანგრეული სახლების გარდა ეზოებში დიდი ნაპრალებია, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ავტომობილები და გზები. მეწყრული პროცესები სოფელ კურსებში გუშინ, დაახლოებით ღამის 3 საათზე განვითარდა.