რამდენად დამოუკიდებელია ექსპერტი, რომელმაც მოსკოვის მექანიზმის დასკვნას ხელი მოაწერა. ირკვევა, რომ პატრიცია გრიზე-ბიკი პოლონეთის მთავრობის მრჩეველია.
ამ ყველაფრის ფონზე, საბოლოოდ ჩნდება კითხვა, მოსკოვის მექანიზმი რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით მომზადებული დოკუმენტია, თუ მორიგი დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დასკვნას რეალობასთან კავშირი არ აქვს და მისი ერთადერთი მიზანი, კრიზისში მყოფი ოპოზიციის დახმარებაა. მით უმეტეს, რომ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას ეუთოს 57 წევრი ქვეყნიდან 34-მა მხარი არ დაუჭირა.
"ქართულ ოცნებაში" კიდევ უფრო მეტ ეჭვს, თავად ექსპერტის ვინაობა ბადებს. უმრავლესობის წარმომადგენლები იხსენებენ, როგორ იყვნენ პოლონელები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სქემაში ჩართულები.
"რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად უსამართლო, არაადეკვატური დოკუმენტი. რეალურად უნდა ითქვას, რომ ეს არის ახალი შეფუთვა იმ პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟისა, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ ვხედავდით. რეალურად, ამ პროცესს ლობირებს დიდი ბრიტანეთი, ბალტიისა და სკანდინავიური ქვეყნების ჯგუფებთან ერთად, აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ პოლიტიკური ზეწოლა გაგრძელდეს,"- აცხადებს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია.
მაშინ, როდესაც პირს დამოუკიდებელი ექსპერტის წოდება მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ მას საჯარო თანამდებობა არ უკავია და არც შეხება არ აქვს პოლიტიკურ რგოლთან, გრიზე-ბიკი მუშაობდა პოლონეთის იურიდიულ მრჩევლად საერთაშორისო სასამართლოში, დაწერა იურიდიული და სტრატეგიული ანალიზი სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტისთვის, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტისთვის, იუსტიციის სამინისტროსთვის და პოლონეთის ომბუდსმენისთვის, ის ვარშავის დიპლომატიური უწყების იურიდიული საკონსულტაციო კომიტეტის წევრის პოზიციასაც იკავებს, რაც ინტერესთა კონფლიქტს იწვევს.