27 ოქტომბერი 2026,   08:35
ვრცლად
"ქალბატონი გჟებიკი პოლონეთის მთავრობასთან ასოცირებული პირია, დოკუმენტი იყო წინასწარ დაწერილი - დიმიტრი ხუნდაძე"

რამდენად დამოუკიდებელია ექსპერტი, რომელმაც მოსკოვის მექანიზმის დასკვნას ხელი მოაწერა. ირკვევა, რომ პატრიცია გრიზე-ბიკი პოლონეთის მთავრობის მრჩეველია.

მაშინ, როდესაც პირს დამოუკიდებელი ექსპერტის წოდება მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ მას საჯარო თანამდებობა არ უკავია და არც შეხება არ აქვს პოლიტიკურ რგოლთან, გრიზე-ბიკი მუშაობდა პოლონეთის იურიდიულ მრჩევლად საერთაშორისო სასამართლოში, დაწერა იურიდიული და სტრატეგიული ანალიზი სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტისთვის, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტისთვის, იუსტიციის სამინისტროსთვის და პოლონეთის ომბუდსმენისთვის, ის ვარშავის დიპლომატიური უწყების იურიდიული საკონსულტაციო კომიტეტის წევრის პოზიციასაც იკავებს, რაც ინტერესთა კონფლიქტს იწვევს.

ამ ყველაფრის ფონზე, საბოლოოდ ჩნდება კითხვა, მოსკოვის მექანიზმი რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით მომზადებული დოკუმენტია, თუ მორიგი დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დასკვნას რეალობასთან კავშირი არ აქვს და მისი ერთადერთი მიზანი, კრიზისში მყოფი ოპოზიციის დახმარებაა. მით უმეტეს, რომ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას ეუთოს 57 წევრი ქვეყნიდან 34-მა მხარი არ დაუჭირა.

"ქართულ ოცნებაში" კიდევ უფრო მეტ ეჭვს, თავად ექსპერტის ვინაობა ბადებს. უმრავლესობის წარმომადგენლები იხსენებენ, როგორ იყვნენ პოლონელები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სქემაში ჩართულები. საკითხზე განცხადებები კეთდება ოპოზიციურ ფლანგშიც.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ პოლონეთი საქართველოს მიმართ არამეგობრულია.

"ამ რეკომენდაციების პოლიტიკურ შემადგენლებზე მეტყველებს ის, რომ ქალბატონი გჟებიკი, რომელიც არის ამ რეკომენდაციების მთავარი ავტორი, არის არა დამოუკიდებელი ექსპერტი, არამედ პოლონეთის მთავრობასთან ასოცირებული პირი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს დოკუმენტი იყო წინასწარ დაწერილი და არა ის, რომ ექსპერტმა ორ დღიანი სტუმრობით შემოგვთავაზა 200 გვერდიანი რეკომენდაციები.

პოლონეთის მთავრობა დასავლურ ბიუროკრატიაში არის ერთ-ერთი აქტიური, ჩვენ მათგან გვახსოვს არამეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, მაგალითად ის, რომ ისინი აქტიურად ლობირებდნენ მიხეილ სააკაშვილს.

პოლონეთის ექსპერტი წინდებით ეზიდებოდა "ვივამედიდან" ბიოლოგიურ მასალას, რომ დაემტკიცებინა ის, რაც რეალურად არ არსებობდა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, რომ ის იყო წამების მსხვერპლი,"- აცხადებს მიხეილ ხუნდაძე.

დღის ამბები