15 ივნისი 2026,   06:16
ვრცლად
სამხედრო ოპერაცია "ეპიკური რისხვა" ირანის წინააღმდეგ და ხელოვნური ინტელექტი ბრძოლის ველზე

ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაცია თანამედროვე ომის ახალ რეალობას აჩვენებს. ოპერაცია "ეპიკური რისხვის" პირველივე 24 საათში, შეერთებული შტატების და ისრაელის გაერთიანებულმა ძალებმა ირანში ათასზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.

ოპერაცია დიდწილად ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაიგეგმა. თანამედროვე სამხედრო სისტემები უზარმაზარი მოცულობის მასალას ამუშავებს - ეს არის სატელიტური გამოსახულებები, თვითმფრინავების მიერ მოწოდებული მონაცემები, დრონების ვიდეოები და სხვა დაზვერვითი ინფორმაცია. ალგორითმები ინფორმაციას ერთმანეთთან აკავშირებს და პოტენციურ სამიზნეებს განსაზღვრავს. ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ერთ-ერთი მთავარი სისტემა Project Maven-ია. ის გამოსახულებებს ამუშავებს და სადაზვერვო მონაცემებს აანალიზებს, შედეგად სამხედრო ხელმძღვანელობა პოტენციური სამიზნეების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იღებს. როდესაც სისტემები საათში საშუალოდ 42 შესაძლო სამიზნეს განსაზღვრავს, ანალიტიკოსები სვამენ ლოგიკურ კითხვას - თანამედროვე ომებში ბრძოლის ველზე გადაწყვეტილებას ადამიანის ნაცვლად ხელოვნური ინტელექტი ხომ არ იღებს?

ირანის წინააღმდეგ ოპერაციების მთავარი ნაწილი ჰაერიდან მიმდინარეობს. გამოიყენება ავიაცია, მაღალი სიზუსტის რაკეტები და სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები. საჰაერო ოპერაციებში მონაწილეობენ ავიამზიდებიდან მოქმედი გამანადგურებლები - F/A-18 Super Hornet. თვითმფრინავები აღჭურვილია ზუსტი დარტყმის ჭურვებითა და რაკეტებით. ისინი გამოიყენება როგორც სამხედრო ობიექტებზე შეტევისთვის, ისე საჰაერო თავდაცვის სისტემების გასანადგურებლად.

ირანთან ომში პირველად გამოჩნდა უახლესი, MQ-9 Reaper-ის ტიპის დრონებიც. ეს უპილოტო აპარატები ერთდროულად ასრულებს სადაზვერვო და შეტევით ფუნქციებს. მათ რამდენიმე ათეული საათის განმავლობაში შეუძლიათ სამიზნეების დაკვირვება. საჭიროების შემთხვევაში ისინი Hellfire ტიპის რაკეტებს იყენებენ.

ოპერაციების მიზანი მოწინააღმდეგის სამხედრო ინფრასტრუქტურის - სარაკეტო ბაზების, ლოგისტიკური ცენტრების, მართვის პუნქტების - განადგურება და საჰაერო თავდაცვის სისტემების განეიტრალებაა.

თეთრი სახლის მონაცემებით, ოპერაციის დაწყებიდან მოკლე დროში ირანში უკვე 5500-ზე მეტი სამხედრო სამიზნე განადგურდა. დარტყმების შედეგად პრაქტიკულად სრულად არის დაბრმავებული ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ამის შემდეგ ამერიკულმა ძალებმა ირანის საჰაერო სივრცეზე სრული ოპერატიული კონტროლი მოიპოვეს. განადგურდა ირანის საზღვაო ძალებიც - ჩაძირულია 60-ზე მეტი ირანული სამხედრო ხომალდი. განადგურდა სოლეიმანის კლასის ოთხივე საბრძოლო გემი, რომელიც ირანის ფლოტის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე პლატფორმად ითვლებოდა.

ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სახმელეთო ინტერვენცია ბევრად უფრო კომპლექსური სცენარია - სპეცოპერაციის მიზანი, თუკი ის დაიგეგმება, გამდიდრებული ურანის აღმოჩენა და ირანის ბირთვული პოტენციალის სრულად განეიტრალებაა. სცენარის მიხედვით, გარდა სპეციალური დანაყოფებისა, კოალიციურ ძალებს თან უნდა ახლდნენ მეცნიერები საერთაშორისო ატომური სააგენტოდან. საუბარია 450 კილოგრამ 60%-მდე გამდიდრებულ ურანზე. პენტაგონის ინფორმაციით, ირანის ხელთ არსებული ურანის 60%-დან 90%-მდე გამდიდრებას სულ რამდენიმე კვირა სჭირდება. არსებულ მასალას კი 11 ატომური ბომბის შექმნის პოტენციალი ექნება.

თუმცა, სახმელეთო ოპერაციის პერსპექტივა ნაკლებად სავარაუდოა ქვეყანაში, 90-მილიონიანი მოსახლეობით და მილიონ ექვსასიათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიით.

რთული რელიეფი, მთიანი რეგიონები და ფართოდ განაწილებული სამხედრო ინფრასტრუქტურა ოპერაციებს მნიშვნელოვნად ართულებს. ამასთან, ირანს, რეზერვისტების ჩათვლით, 900 000-მდე მოქმედი ჯარისკაცი ჰყავს, რომელიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტურ სამხედრო დანაყოფებს მოიცავს.

ომის ექსპერტები ამ კონფლიქტში ასიმეტრიული ბრძოლის ელემენტებზეც საუბრობენ. ერთ მხარეს ტექნოლოგიური და საჰაერო უპირატესობა აქვს. მეორე მხარე პასუხობს ბალისტიკური რაკეტებით, დრონებით და არასტანდარტული ტაქტიკით.

მაგალითად, შაჰედის დრონის ღირებულება საშუალოდ 20-დან 50 000 დოლარამდეა. მისი განეიტრალება კი ამერიკასა და ისრაელს მილიონობით დოლარი უჯდებათ. მარტივად რომ ვთქვათ, ირანულ კამიკაძე დრონს, რომელიც 30 000 დოლარი ღირს, ამერიკა და ისრაელი ანადგურებენ რაკეტით, რომლის ღირებულებაც საშუალოდ მილიონ დოლარს აღწევს.

ირანი დრონების გამოყენების ტაქტიკასაც ცვლის. დასავლური დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვმა თეირანს გაუზიარა უკრაინასთან ომში მიღებული გამოცდილება დრონების ტალღური შეტევების შესახებ, როდესაც ერთდროულად რამდენიმე მიმართულებიდან ასობით უპილოტო აპარატი მიფრინავს სამიზნეებისკენ. კამიკაძე დრონების მასობრივად გაშვებისას და მათი ფრენის მარშრუტის ხშირი ცვლილების შემთხვევაში მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის მათი აღმოჩენა და განადგურება მნიშვნელოვნად რთულდება.

თანამედროვე ომი სწრაფად იცვლება. დღეს გადამწყვეტ მნიშვნელობას ტექნოლოგია, დაზვერვა და მონაცემების სწრაფი ანალიზი იძენს. თანამედროვე სამხედრო ოპერაციებში ტექნოლოგიური უპირატესობა ხშირად ისეთივე მნიშვნელოვანი ხდება, როგორც სამხედრო ძალა.

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები