03 აგვისტო 2026,   12:14
ვრცლად
გაფლანგული 9 მილიონის დაბრუნება - სააკაშვილმა სააპელაციო სასამართლოშიც წააგო

9 მილიონის გაფლანგვის ბრალზე 9 წლით პატიმრობას ვერ ეგუებოდა და ფულის დაბრუნებაც დააკისრეს - მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო დავაც წააგო. სააპელაციო სასამართლომ ბიუჯეტში ფულის დაბრუნება მასთან ერთად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსსაც მოსთხოვა.

სამოქალაქო დავა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენს მოჰყვა. განაჩენი კი ასეთია - 2009-2012 წლებში ბიუჯეტის პირადი მიზნით გაფლანგვისთვის სააკაშვილთან ერთად დამნაშავედ თემურ ჯანაშიაც გამოცხადდა - მან ჯარიმა, 300 ათასი ლარი, უნდა გადაიხადოს.

მასაჟისტის სკანდალი - ფუფუნება ბიუჯეტის ხარჯზე - პირველი ეპიზოდი.

სააკაშვილმა 2009 წელს საქართველოში ჩამოიყვანა ბერლინში გაცნობილი დოქტორ დოტი. მასაჟი და მასაჟისტის პატივისცემა სახელმწიფოს ათასობით ლარი დაუჯდა. ამბავი დოტის საჯარო დღიურებიდან გასკდა და მსოფლიო პრესას მოედო.

გრიფით დაცულ დოკუმენტებს გამოძიებამ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მიაგნო. მსოფლიოს სხვადასხვა ძვირადღირებული კურორტები, ესთეტიკური პროცედურები, გართობა მეგობრებთან ერთად საქართველოში და საზღვარგარეთ - ეს ყველაფერი ბიუჯეტს 3 წელში 9 მილიონი დაუჯდა.

საქმის მასალებში გვხვდება დოკუმენტები მეგობარი ქალებისთვის, სტუმარი გოგონებისთვის, ახლო გარემოცვისთვის, ოჯახის წევრებისთვის სასტუმროს ნომრებში გადახდილი 3 მილიონის შესახებ; საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კვებაზე დახარჯული 1 მილიონ 400 ათასი ლარის შესახებ.

დოკუმენტების მიხედვით, ისევ არაოფიციალურად, ისევ ახლობლებისთვის ავიაბილეთებში დახარჯულია 916 ათასი ლარი. მიხეილ სააკაშვილის შვილების სწავლისთვის კი - 57 ათასი ლარი.

სხვადასხვა ქვეყნებში ავიალაინერების, ძვირადღირებული ავტომობილების დაქირავება 2 მილიონ 300 ათასამდე ლარი დაჯდა.

გასახდომი და გამაჯანსაღებელი პროცედურები... გამოძიების მასალებით, სააკაშვილი საკუთარ ფულს არც ესთეტიკურ პროცედურებზე ხარჯავდა.

ესპანელი შეფი სერხიო ქალდერონ ლატასა და მისი ესპანეთში მოგზაურობა ქართულ ბიუჯეტს 190 ათასამდე ლარი დაუჯდა.

ყოფილ პრეზიდენტს უყვარდა სუვენირებიც, დასაჩუქრების შეძენაც. ამაში 240 ათასამდე ლარი დახარჯა.

მათ შორის, ლონდონში მკერდით მხატვრის მერედიტ ოსტრომის 16 ათასლარიანი ნახატი შეიძინა, მარიამ საჯაიას ტიხრული მინანქრის სამაჯური აჩუქა, თინა ბოკუჩავას ტელეფონი, მომღერალ ივანა მელაის ყელსაბამი. გააჩუქა ცხვრებიც - 44 სული ცხვარი.

ადვოკატი გვარწმუნებს, რომ ხარჯებს საიდუმლო გრიფი პრეზიდენტის დაცვის უსაფრთხოების მიზნით დაედო - მტერს რომ არ სცოდნოდა მისი გადაადგილება, სურვილები, კავშირები. გვითხრა ისიც, რომ მაგალითად ავსტრიაში უგულავამ და სააკაშვილმა ლიპოსაქცია აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად ჩაიტარეს. მეტი გზა არც იყო - ისინი მიდიოდნენ და ესენიც გაყვნენ. შედეგად საქართველოს გაზი გაუიაფდა. ლონდონში ნაყიდი, მკერდით დახატული ტილოც საქმიანი შესაძენი ყოფილა. მხატვრის არქიტექტორ ნათესავთან სააკაშვილს მოლაპარაკებები ჰქონია.

ბექა ბასილაიას არ ესმის, რატომ ისჯება თემურ ჯანაშია - ის ხომ სააკაშვილის დავალებებს ასრულებდა.

უკანონო დავალების შესრულებაც დანაშაულია - პასუხობს პროკურორი.

9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე სააკაშვილი და ჯანაშია დამნაშავედ უკვე ორი ინსტანციის სასამართლომ გამოაცხადა - საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ.

პიჯაკები გამოძიების მასალებში მართლაც იძებნება - 9 პიჯაკი და 1 ქაშმირის პალტო, თუმცა 9 მილიონიდან მათ შეძენად 115 ათასი ლარი დაიხარჯა.

მილიონების გაფლანგვის საქმეს „პიჯაკების საქმე“ რომ უწოდეს, ეს პიარული ხრიკია - ასე ფიქრობენ სამთავრობო გუნდში.

გაფლანგული მილიონების დაბრუნება რომ დაეკისრა, სააკაშვილმა ციხიდან ფეისბუქპოსტი დადო.

ახლა ჯერი აღსრულებაზეა. სააკაშვილის და ჯანაშიას ქონებას აქ დაითვლიან - აღსრულების ეროვნულ ბიუროში, თუმცა ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. აღსრულების წესები კი ასეთია.

რა გზით დაიბრუნებს სახელმწიფო 9 მილიონს, ვენახით თუ მის გარეშე, სავარაუდოდ მალე გავიგებთ.

დღის ამბები