26 ოქტომბერი 2026,   20:25
ვრცლად
ბატონი პეტერი თავს უფლებას აძლევს, ისაუბროს ევროკავშირის ელჩის ნაცვლად... შეიძლება, ჰგონია, რომ მეტი ეთქმის, ვიდრე ევროკავშირის ელჩს, მაგრამ ბატონ ჰერჩინსკის რამის თქმა თუ უნდა, იტყოდა ყველაფერს - შალვა პაპუაშვილი

ბატონი პეტერი თავს უფლებას აძლევს, ისაუბროს ევროკავშირის ელჩის ნაცვლად. შეიძლება, მას ჰგონია, რომ მეტი ეთქმის, ვიდრე ევროკავშირის ელჩს, მაგრამ ბატონ ჰერჩინსკის რამის თქმა თუ უნდა, იტყოდა ყველაფერს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გერმანიის ელჩზე საუბრისას.

მისივე თქმით, გერმანიის ელჩმა შეცდომები იმიტომ დაუშვა, რომ ავი სიხარულით გაუხარდა, საქართველოში რამე ცუდი თუ ხდება.

"გერმანიის ელჩმა პირველი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავი წარმოიდგინა ევროკავშირის ელჩად და თავის დროზე დაიწყო კომენტირება ევროკავშირის სანქციების მეოცე პაკეტთან დაკავშირებით. ევროკავშირს აქ ჰყავს თავისი ელჩი და არ სჭირდება მას გერმანიის და სხვა ქვეყნების კომენტარების მიშველება. ბატონი პეტერი თავს უფლებას აძლევს, ისაუბროს ევროკავშირის ელჩის ნაცვლად, ჩაანაცვლოს ის. არ ვიცი, შეიძლება ჰგონია, რომ მას, გერმანიის ელჩს, მეტი ეთქმის, ვიდრე ევროკავშირის ელჩს. თუ რაიმე სათქმელი ექნებოდა, არ უჭირს ბატონ ჰერჩინსკის ამის თქმა და იტყოდა ყველაფერს. ბატონმა პეტერმა ეს შეცდომა დაუშვა იმიტომ, რომ გაუხარდა. აი, ეს არის ავი სიხარული, რომელიც მაშინ ამოიკითხეთ ბატონი პეტერის განცხადებასა და სახეში, რომ აი, ქართველებო, ახლა ნახეთ, რა მოუვა თქვენს პორტს. და თქვა კიდეც, რომ უხარია, რაიმე ცუდი რომ მოხდეს საქართველოში. მეორე შეცდომა დაუშვა, რომ თქვა, მტკიცებულებებია წარმოდგენილიო. თვითონ თუ აქვს ნანახი ეს მტკიცებულება?! ჩვენ ნუ გვაჩვენებს, უბრალოდ თქვას, ნანახი აქვს თუ არა. რა თქმა უნდა, არ აქვს, რადგან ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სანქციის დარღვევა მოხდა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები