31 ოქტომბერი 2026,   04:03
ვრცლად
"ევროკავშირი დღეს, სამწუხაროდ, არის იმ ძალების ხელში, რომლებიც მას საბჭოთა კავშირად აქცევენ" - შალვა პაპუაშვილი

"კიდევ ერთი დასტური, რომ ევროპარლამენტარები იღებენ უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და აწესებენ სანქციებს ისე, რომ საკითხს სიღრმისეულად არ იცნობენ", - ასეთია ოფიციალური თბილისის შეფასება ფრანგი ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგებზე.

"ევროპარლამენტის წევრები, რომლებმაც ირანისთვის სანქციების დაწესებას მისცეს ხმა, მას რუკაზეც კი ვერ პოულობენ" - ამ სათაურით გამოქვეყნდა ფრანგული ტელეარხის ჟურნალისტის გამოკითხვა. ვიდეო ევროპარლამენტშია გადაღებული და ჩანს, რომ ჟურნალისტის კითხვას - მიუთითონ რუკაზე ირანის მდებარეობა, ვერ პასუხობენ საფრანგეთის მინისტრი ევროპულ საკითხებში ბენჟამინ ჰადადი და ცნობილი ევროპარლამენტარები.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

"როცა მე ვსაუბრობდი, რომ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის ესთეტიკაშია გადაზრდილი მთლიანად ევროპარლამენტი, ესეც ამის დასტურია. რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი, სხვადასხვა საკითხს განიხილავენ და შინაარსში არც შედიან, არ ფიქრობენ, რომ შეიძლება, ღილაკზე დაჭერით, ხალხების ბედი გადაწყვიტონ. ეს არის სწორედ ცივილიზაციური უფსკრული, საითაც მიაქანებს ბრიუსელი დღეს ევროკავშირს. ეს არის როდესაც უპასუხისმგებლო, არაკვალიფიციური ადამიანების ხელში არის არა მხოლოდ ევროკავშირის ბედი, არამედ სხვა ხალხების თუ ქვეყნების ბედი. ზუსტად იგივე ადამიანები, იგივე სახეები არიან, ვინც ღილაკს აჭერენ ხოლმე ანტიქართულ მტრულ რეზოლუციებს, ისე, რომ, არც კი ერკვევიან შინაარსში; ხან მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად გვიცხადებენ, ხან რას გვაბრალებენ და ხან რას. ამიტომ ეს არის მწარე გაკვეთილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ ბოლო წლების განმავლობაში, რომ ევროკავშირი დღეს, სამწუხაროდ, არის იმ ძალების ხელში, რომლებიც მას საბჭოთა კავშირად აქცევენ," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები