28 ოქტომბერი 2026,   05:44
ვრცლად
"მოსკოვის მექანიზმის" დასკვნას არაფერი აქვს საერთო იმ პრინციპებთან, რომლებზეც ეუთო დგას" - მაკა ბოჭორიშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში ექსპერტის მიერ საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს გამოეხმაურა.

შეგიძლიათ, გაეცნოთ ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ მასალებსა და იმ შეხვედრებს, რომლებზეც ქალბატონი ექსპერტი იმყოფებოდა, დეტალურად მოისმინოთ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია და თავად შეაფასოთ, საერთოდ არის თუ არა რაიმე საერთო დასკვნასა და ამ ინფორმაციას შორის, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, დასკვნა სრულიად ტენდენციურია და საერთოდ არაფერი აქვს საერთო იმ პრინციპებთან, რომლებზეც ეუთო დგას.

"როცა ორ მხარეს უსმენ, უნდა გააკეთო შესაბამისი ანალიზი და ეცადო მაინც, ორივე მხარე ასახო, მაშინ როდესაც დასკვნა სრულიად ტენდენციურია და საერთოდ არაფერი აქვს საერთო იმ პრინციპებთან, რომლებზეც დგას ეუთო და, ზოგადად, ეს მექანიზმი, ასე მომზადებული დასკვნის რეკომენდაციებს ვინმე სერიოზულად შეხედავს? ჰკითხეთ ეუთო-ს სხვა წევრ სახელმწიფოებსაც. 23 წევრის მიღმა კიდევ ბევრი სახელმწიფოა, რას ფიქრობენ ასეთ მიდგომაზე?

ამ დასკვნით ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში არსებული შიდა მექანიზმების გამოყენება ძალიან ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, რათა რამდენიმედღიანი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგი შეიქმნას. სხვა რომ აღარაფერი დარჩენიათ, იყენებენ ყველა არსებულ მექანიზმს, რათა მაქსიმალურად მისცენ პოლიტიკური სიცოცხლე და ჟანგბადი ოპოზიციას საქართველოში," - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კითხვაზე, - "ეუთო-ს რეკომენდაციები ხომ სავალდებულოა, რადგან ეს სამართლებრივი დოკუმენტია?" - ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ სავალდებულო რეკომენდაცია არ არსებობს.

"სავალდებულო" რას ნიშნავს? სავალდებულო რეკომენდაცია არ არსებობს," - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები