თავად "მოსკოვის მექანიზმის" წარმომადგენლებს, რომლებიც იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, წარვუდგინეთ აქციის მიმდინარეობის ვიდეომასალა და თავადვე აღიარეს, რომ აქცია ძალადობრივი ხასიათის იყო, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გენერალური პროკურატურა იძიებს საკითხს, კონკრეტული თანაშრომლების მხრიდან ადგილი თუ ჰქონდა გადაცდომებს.
"თავად "მოსკოვის მექანიზმის" წარმომადგენლებს, რომლებიც იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, წარვუდგინეთ აქციის მიმდინარეობის ვიდეომასალა და თავადვე აღიარეს, რომ აქცია ძალადობრივი ხასიათის იყო. ეს ჩანაწერი არსებობს შსს-ში. როდესაც არის ძალადობრივი აქცია, ადგილი აქვს სახელმწიფო უწყებებზე თავდასხმას, კარგად ნახეთ, საქართველოს პარლამენტის შენობა ფაქტობრივად იყო გადამწვარი აქციის მოძალადე მონაწილეების მხრიდან, პოლიციამ გამოიყენა შესაბამისი პროპორციული ძალა და საშუალებები, რისი გამოყენების სრული ლეგიტიმური არათუ უფლება, ვალდებულება ჰქონდა მას.
რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევაში თანამშრომელთა მხრიდან ადგილი თუ ჰქონდა გადაცდომებს, ამის გამოძიების უფლება შსს-ს არ აქვს, რადგან თავის თანამშრომლების სავარაუდო გადაცდენის ფაქტებს ვერ გამოიძიებს. აღნიშნულ საკითხს ჯერ იძიებდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ვინაიდან ეს სამსახური შეუერთდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ახლა გენერალური პროკურატურა იძიებს ამ საკითხს“, - აღნიშნა დარახველიძემ.