"მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?"
ეს კითხვა გალაკტიონ ტაბიძემ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდამ, ლექს "მესაფლავე"-ში, დაახლოებით 19 წლის ასაკში დასვა. ლექსის ბოლოს კი თითქოს თავადვე გასცა მძიმე პასუხი:
"სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა".
მაგრამ გალაკტიონის საკუთარი ბედისწერა ამ აზრს ბოლომდე ეწინააღმდეგება. ქართული პოეზიის მეფის გარდაცვალებიდან 66 წელი გავიდა. შეიცვალა თაობები, სახელმწიფოები, იდეოლოგიები. დაინგრა და ხელახლა აშენდა ქალაქები, გაქრა სივრცეები, რომელშიც ის დადიოდა - მაგრამ გალაკტიონი არ გამქრალა. პირიქით - მისი ბინა მუზეუმად იქცა, მისი ლექსები კი დროთა განმავლობაში არა მხოლოდ ქართული პოეზიის მწვერვალად, არამედ მის ახალ ენადაც ჩამოყალიბდა. და მაინც, ამ დიდების მიღმა იდგა კაცი, რომელიც ფაქტობრივად მთელი ცხოვრება სულიერ მარტოობაში ცხოვრობდა.
"უპირველესი მომანიჭეს დაფნა მეფეთა,
იმ დღეს მოვიდა თეთრი თოვლი და მარტოობა.
გავაღე კარი, თეთრი თოვლი შემომეფეთა,
მივხურე კარი, მარტოობამ დაისადგურა".
ეს მხოლოდ ლექსი არ არის. ეს შესაძლოა აღვიქვათ როგორც ავტობიოგრაფიული განაჩენი, რომელიც გალაკტიონმა საკუთარ თავს თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოუტანა. 17 მარტი გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების დღეა - ტრაგიკული დღე, როცა პოეტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
"დიდი ბავშვი"
გალაკტიონ ტაბიძე გარეგნობითაც დასამახსოვრებელი პიროვნება იყო - შავგვრემანი, მაღალი და ძლიერი, თუმცა ხშირად მოუვლელი იერით. ბევრს ახსოვდა მისი გაცვეთილი ტანსაცმელი და წინდები. ერთ ჩანაწერში თავადაც წერს: "დღეს მოვკემსე წინდები, ასე რომ, ბედნიერი კაცი ვარ - წინდები მაქვს". ეს ფრაზა ერთდროულად აჩვენებს მის ყოფით სიძნელესაც და შინაგან სამყაროსაც.
ახალგაზრდობაში განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩეოდა, მაგრამ ამ გარეგნული შთაბეჭდილების უკან ძალიან ფაქიზი და წინააღმდეგობრივი ბუნება იდგა. ერთი მხრივ უკიდურესად მორიდებული იყო, მეორე მხრივ კი ეჭვიანი და შინაგანად მოუსვენარი.
ხშირად ეგონა, რომ მის წინააღმდეგ რაღაც მზადდებოდა და მის ირგვლივ საფრთხე და ჩასაფრება იყო. ყოფით ცხოვრებას თითქოს ვერ ეგუებოდა, ვერ ცხოვრობდა ისე, როგორც სხვები ცხოვრობდნენ.
ყოველდღიური საქმეები, თუნდაც ბაზარში წასვლა და სახლისთვის საჭირო ნივთების ყიდვა, მისთვის უცხო და მძიმე საქმე იყო. თითქოს რეალურ ცხოვრებაზე მეტად საკუთარ, პოეტურ და წარმოსახვით სამყაროში არსებობდა. სწორედ ამიტომაც ეძახდნენ ზოგჯერ "დიდ ბავშვს".
ოჯახის წევრებს შორის ამას ყველაზე მკვეთრად დედა - მაკრინე ადეიშვილი გრძნობდა. მას ორი ვაჟი ჰყავდა: უფროსი - აბესალომი და უმცროსი - გალაკტიონი. დედა თავიდანვე ხედავდა, რომ გალაკტიონი ჩვეულებრივი ბუნების ადამიანი არ იყო - ის განსაკუთრებულ ყურადღებას, სიფრთხილესა და განსხვავებულ მიდგომას საჭიროებდა. გალაკტიონი ბავშვობიდანვე სხვანაირი იყო.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ამავე დროს ყველაზე ზუსტი ეპიზოდი მის ბავშვობაზე ბევრს ამბობს: პატარა გალაკტიონი დედას ოთახში მარტო დაუტოვებია. უკან დაბრუნებულ მაკრინე ადეიშვილს დაუნახავს, რომ ბავშვი ფანჯრის ჭრილში შემოპარულ მზის სხივს კოცნიდა. გაოცებულს უკითხავს, რას აკეთებო. გალაკტიონს შერცხვა და ატირებული დედის კალთაში ჩაუვარდა.
მაკრინე ადეიშვილი ალბათ ყველაზე ადრე მიხვდა, რომ ჩვეულებრივ შვილს არ ზრდიდა. ამიტომაც სწერდა: "ჩემო ფიქრებიდან მოუშორებელო, სხვადასხვანაირად სადარდებელო შვილო".
უფროს შვილს, აბესალომს კი აფრთხილებდა - ხალხში ნუ გაუბრაზდები, მარტო რომ იქნება, მაშინ უთხარიო.
მამა, რომელიც არასოდეს უნახავს
გალაკტიონის ცხოვრებაში ერთი მნიშვნელოვანი სიცარიელე თავიდანვე არსებობდა - მამა, რომელიც მომავალ პოეტის დაბადებამდე გარდაიცვალა. ამიტომაც ცნობილი სტრიქონები:
"მოხუცი მამა, მოხუცი მამა სასხლავით ხელში დადის ვენახში" რეალურ მოგონებას ვერ ასახავს. ეს უფრო წარმოსახვითი ხატია, პოეტის მიერ შექმნილი მეხსიერება, რომელიც სინამდვილეში არასოდეს ჰქონია.
ბავშვობიდანვე ნათელი იყო, რომ გალაკტიონი სამყაროს სხვაგვარად ხედავდა - უფრო მეტად წარმოსახვაში ცხოვრობდა, ვიდრე ყოველდღიურ რეალობაში. სწორედ ამ განსხვავებულ ხედვაში უნდა ვეძებოთ ის პოეტური სამყარო, რომელმაც მოგვიანებით ქართული ლიტერატურა შეცვალა.
პირველი წიგნი - "მწუხარე წიგნი"
მე-20 საუკუნის დასაწყისში, ქუთაისში განსაკუთრებით ცოცხალი იყო კულტურული და ლიტერატურული ცხოვრება. სწორედ აქ ჩამოყალიბდა ახალგაზრდა გალაკტიონი პოეტად. ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის წლებში ის ახლოს იყო იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც მოგვიანებით ქართულ ლიტერატურაში მნიშვნელოვან ფიგურებად იქცნენ. მათ შორის იყო მისი ბიძაშვილი - პოეტი ტიციან ტაბიძე. სწორედ ამ გარემოში დაიწყო გალაკტიონმა საკუთარი პოეტური სამყაროს შექმნა. 1914 წელს გამოიცა მისი პირველი კრებული, რომელსაც თავად "მწუხარე წიგნს" უწოდებდა. ამ წიგნმა მაშინვე აჩვენა, რომ ქართულ პოეზიაში სრულიად ახალი ხმა გაისმა.
მერი და ოლია…
1912 წელი გალაკტიონის ბიოგრაფიაში ერთგვარი გარდამტეხი პერიოდი აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს, ქუთაისში, მან პირველად დაინახა მერი შერვაშიძე - ქალი, რომლის სახეც მოგვიანებით მისი პოეტური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმბოლოდ იქცა.
მათი შეხვედრა სრულიად შემთხვევით მოხდა. როგორც გადმოცემებში ვკითხულობთ, გალაკტიონი და მისი ბიძაშვილი ტიციან ტაბიძე ქუჩაში მიდიოდნენ, როდესაც მათ გზად მერი შერვაშიძე შეხვდათ. იმ მომენტმა პოეტზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ამ ქალის სახემ მის მეხსიერებაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.
მერი შერვაშიძე გამორჩეული სილამაზით იყო ცნობილი. მისი გარეგნობა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ თანამედროვეები მას იდეალური სილამაზის მაგალითად მიიჩნევდნენ.
გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთმა მხატვარმა, როდესაც ღვთისმშობლის ხატს ქმნიდა, სწორედ მერის სახე გამოიყენა შთაგონების წყაროდ.
მერის ოჯახიც მაღალი სოციალური სტატუსით გამოირჩეოდა. მისი მამა, პროკოფი შერვაშიძე, ოფიცერი იყო და მეფის კარზე მსახურობდა. მოგვიანებით მან მერი სანქტ-პეტერბურგშიც წაიყვანა. ამბობენ, რომ რუსეთის იმპერატორის დედას, მარია ფიოდოროვნას, ახალგაზრდა ქალი იმდენად მოეწონა, რომ საკუთარი ამალის წევრადაც კი მიიწვია. ეს იმ დროისთვის დიდი პატივი იყო, რადგან იმპერატორის ამალაში მხოლოდ განსაკუთრებული განათლებისა და დახვეწილი მანერების მქონე ქალები ხვდებოდნენ.
მაგრამ გალაკტიონის ცხოვრებაში მერი უფრო მეტად პოეტური სიმბოლო გახდა, ვიდრე რეალური ცხოვრების თანამგზავრი. მათ შორის ურთიერთობა არ ჩამოყალიბებულა. მერი სხვა წრეს ეკუთვნოდა, გალაკტიონი კი უკვე მაშინაც შინაგანი მარტოობისა და შემოქმედებითი სამყაროს ადამიანი იყო.
მერის სახე მის პოეზიაში გადაიქცა მშვენიერების, რომანტიზმისა და მიუწვდომელი სიყვარულის სახედ. სწორედ ამ განცდამ შთააგონა პოეტს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსი - "მერი". ამ ლექსში სიყვარული უფრო ოცნებაა, ხილვაა, სილამაზის მიმართ მიმართული ლირიკული თაყვანისცემა.
მაგრამ ეს პოეტური ხილვა საბოლოოდ განშორებით დასრულდა. როდესაც გალაკტიონმა ოლია ოკუჯავასთან ცხოვრების დაკავშირება გადაწყვიტა, მან თითქოს საკუთარ თავთანაც გადაწყვიტა ამ რომანტიკული ხატისგან განშორება. სწორედ მაშინ, 1915 წელს, დაწერა ლექსი "მერი", რომელიც შეიძლება ერთგვარ პოეტურ დამშვიდობებადაც ჩაითვალოს.
ოლია - სიყვარული, რომელმაც ცხოვრება შეცვალა
თუ მერი შერვაშიძე გალაკტიონის პოეზიაში მიუწვდომელი სილამაზის ხატად დარჩა, ოლია ოკუჯავა მის ცხოვრებაში რეალური და ძლიერი სიყვარული გახდა. გალაკტიონმა და ოლიამ ერთმანეთი ასევე 1912 წელს გაიცნეს, ისევ ქუთაისში. ოლია იმ დროს წმინდა ნინოს სასწავლებელში სწავლობდა. მისი ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ახალგაზრდა პოეტმა მასზე მაშინვე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ოლია მოგვიანებით იხსენებდა, რომ როდესაც პირველად დაინახა გალაკტიონი, მიხვდა, რომ ეს ადამიანი სხვებს არ ჰგავდა.
ოლია თავადაც გამორჩეული ქალი იყო. განათლებული, ენერგიული, ძლიერი ხასიათის მქონე. მოგვიანებით ის აქტიურად ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში და თავისი დროის პოლიტიკურ პროცესებშიც მონაწილეობდა.
მათი ურთიერთობა თავიდან მარტივი არ ყოფილა. ოლიას ოჯახი, განსაკუთრებით მამა - სტეფანე ოკუჯავა, სკეპტიკურად უყურებდა ამ კავშირს. მას ეჭვი ეპარებოდა, რომ პოეტს შეეძლო ოჯახის შენახვა და ყოველდღიური პასუხისმგებლობის ტარება. სწორედ ამიტომ, როდესაც ოლიამ სწავლა დაამთავრა, მამამ იგი ჭიათურაში მასწავლებლად გაგზავნა.
მაგრამ გალაკტიონი მას მაინც ნახულობდა. ის ჩუმად ჩადიოდა ჭიათურაში და ხვდებოდა საყვარელ ქალს.
საბოლოოდ ოჯახიც იძულებული გახდა, ამ ურთიერთობას დათანხმებოდა.
1916 წელს გალაკტიონმა და ოლიამ ჯვარი დაიწერეს. ქორწინების შემდეგ ისინი მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც ოლიას ძმები ცხოვრობდნენ. გალაკტიონს სურდა სწავლა გაეგრძელებინა, მაგრამ ვერ შეძლო. ოლიამ კი სამსახური იშოვა და პოლიტიკურ კურსებზეც ჩაირიცხა.
მათი ცხოვრება მალე განშორებითა და მოლოდინით აივსო. გალაკტიონი ხშირად საქართველოში ბრუნდებოდა, ოლია კი სხვადასხვა ადგილას მუშაობდა და საქმიანობდა. მათ შორის დაიწყო წერილებით სავსე ურთიერთობა. ამ წერილებში ჩანს ძლიერი სიყვარული, მონატრება და განშორებით გამოწვეული ტკივილი. მაგრამ ოლიას ცხოვრება ტრაგიკულად განვითარდა. როგორც რევოლუციური მოძრაობის აქტიური მონაწილე, ის არაერთხელ გადაასახლეს. საბოლოოდ კი სტალინური რეპრესიების დროს დახვრიტეს.
ეს გალაკტიონის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით მის ცხოვრებაში სხვა ქალებიც გამოჩნდნენ, ოლიას ადგილი განსაკუთრებული დარჩა. პოეტი სიცოცხლის ბოლომდე ინახავდა მის წერილებს და მოგონებებს.
დიდება და სიღარიბე
გალაკტიონ ტაბიძეს სიცოცხლეშივე უწოდეს „პოეზიის მეფე“, მაგრამ ხშირად მისი ყოველდღიურობა სიღარიბით, გაურკვევლობითა და შინაგანი შფოთვით იყო სავსე. პოეტის დღიურებსა და ჩანაწერებში ხშირად გვხვდება მძიმე სიტყვები, რომლებიც მის ყოფას პირდაპირ ასახავს. ერთ-ერთ ჩანაწერში წერს:
"ზამთარი მოვიდა და პალტო არ მაქვს... იქნებ გამომიყოთ პალტო, რომ ზამთარში ჩავიცვა".
სხვა დროს კი აღნიშნავს:
"ტრამვაის ფულიც კი არ მაქვს, 30 კაპიკიც კი, რომ მწერალთა კავშირში წავიდე და ვინმეს ვესესხო, რადგან სამი დღეა საჭმელი არ მიჭამია".
ეს სიტყვები განსაკუთრებით მძაფრად აჩვენებს იმ პარადოქსს, რომელშიც გალაკტიონი ცხოვრობდა - კაცი, რომლის ლექსებს უკვე მთელი საქართველო კითხულობდა, ხშირად ელემენტარული არსებობისთვის იბრძოდა. მოგონებებში ვკითხულობთ, რომ ის ზოგჯერ ბიბლიოთეკაში შედიოდა მხოლოდ იმისთვის, რომ ცოტა ხნით გამთბარიყო. წიგნს კითხულობდა და ცდილობდა, შიმშილზე არ ეფიქრა.
რეპრესიების ჩრდილი
1937 წლის დიდი ტერორის პერიოდში გალაკტიონი თავადაც მუდმივ შიშში ცხოვრობდა. იმ წლებში დასმენები, ბრალდებები და ეჭვები ყოველდღიურ რეალობად იყო ქცეული. მოგვიანებით, როდესაც საბჭოთა არქივები გაიხსნა, აღმოჩნდა, რომ არაერთი ცნობილი მწერალი და პოეტი სხვადასხვა სახის დასმენებში იყო ჩართული.
ამ გარემოში ცხოვრება გალაკტიონისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. ის ბუნებით ეჭვიანი და ფაქიზი ადამიანი იყო, მოგვიანებით ამ შინაგან შიშებს რეალური საფუძველიც დაემატა.
ერთ-ერთ შეხვედრაზე 1937 წელს ერთ-ერთმა პოეტმა საჯაროდ თქვა:
"გალაკტიონი ნაციონალისტი მწერალია და მას თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ". ეს სიტყვები იმ დროს ძალიან საშიში ბრალდება იყო.
გალაკტიონის თბილისი
მიუხედავად ყველა სირთულისა, გალაკტიონს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა თბილისთან. ქალაქის ერთ-ერთ ხიდთან - იმ ადგილას, რომელსაც დღეს მისი სახელი ჰქვია - ხშირად ჩერდებოდა და მყინვარწვერს უყურებდა.
ამბობენ, რომ მეგობრებსაც აჩერებდა და ეუბნებოდა: "შეხედე, ძამიკო, შეხედე. რა არის იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელიც ამ სილამაზეს ვერ ხედავს". ეს ფრაზა თითქოს მთლიანად ასახავს გალაკტიონის ბუნებას - ადამიანს, რომელიც სამყაროში პირველ რიგში სილამაზეს და პოეზიას ხედავდა, მაშინაც კი, როდესაც მის საკუთარ ცხოვრებაში სიმშვიდე ნაკლებად იყო.
"ლეჩკომბინატი" - უკანასკნელი დღე
1959 წლის მარტი გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებაში ბოლო თავი აღმოჩნდა. იმ დროს პოეტი უკვე ხშირად ხვდებოდა ისეთ მძიმე მდგომარეობაში, როდესაც თავად ითხოვდა, საავადმყოფოში დაეწვინათ. ახლობლები იხსენებდნენ, რომ როდესაც გრძნობდა, ალკოჰოლის სურვილს ვეღარ გაუმკლავდებოდა, თავადვე მიდიოდა ე.წ. ლეჩკომბინატში - თბილისის ელიტურ სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მკურნალობდნენ მეცნიერებს, მხატვრებს, მწერლებსა და მაღალჩინოსნებს.
სწორედ ასეთ პერიოდში მიიყვანა გალაკტიონი საავადმყოფოში მისმა ძმისშვილმა - ნოდარმა. პოეტი თითქოს ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. დერეფანში იჯდა, ელოდა, რომ მასაც მოაქცევდნენ ყურადღებას და პალატაში გადაიყვანდნენ.
იმ დღეებში ლეჩკომბინატში კიდევ ერთი მიზეზით იყო ხალხმრავლობა - გარდაიცვალა მწერალი შალვა დადიანი და დამკრძალავი კომისიის წევრები საავადმყოფოში იყვნენ მოსულები. მათ შორის იყვნენ კონსტანტინე გამსახურდია და ირაკლი აბაშიძე.
გალაკტიონი დერეფნის კუთხეში იჯდა, როდესაც ისინი შენობაში შევიდნენ. პოეტი ფეხზე წამოდგა და მათ მიეგება. ირაკლი აბაშიძემ ხელი ჩამოართვა და მოიკითხა, მაგრამ კონსტანტინე გამსახურდიამ თითქოს ვერ შეამჩნია და სწრაფად გასცდა. ეს მომენტი გალაკტიონმა ძალიან მძიმედ განიცადა. წლების შემდეგ თავად კონსტანტინე გამსახურდიაც წერდა: "მე დიდი შეცდომა მომივიდა, როცა გალაკტიონს ხელი არ ჩამოვართვი. მეშინოდა, არ დამეყოვნებინა".
დერეფანში ხეტიალი
როდესაც გალაკტიონი პალატაში გადაიყვანეს, იქ უკვე ორი ავადმყოფი იწვა. მესამე საწოლზე კი მათი მომვლელები და ნათესავები ისვენებდნენ. როდესაც გაიგეს, რომ პოეტი მათთან უნდა დაეწვინათ, გაბრაზდნენ - „ეს საწოლი ჩვენ გვჭირდება, ეს რომ აქ დაწვეს, ჩვენ სად წავიდეთო“. გალაკტიონმა ეს ყველაფერი ჩუმად მოისმინა. თავისი ბლოკნოტი საწოლზე დადო და პალატიდან გავიდა.
ამის შემდეგ პოეტი რამდენიმე საათის განმავლობაში მეოთხე სართულის დერეფანში დადიოდა. მოგვიანებით იხსენებდნენ, რომ ის მშვიდად დადიოდა წინ და უკან. ვინც ეკითხებოდა, რამე ხომ არ სჭირდებოდა, ჩვეულებრივ პასუხობდა: "არა, ძამიკო, არაფერი მინდა". თითქოს გარედან არაფერი განსაკუთრებული არ ჩანდა. მაგრამ იმ საათებში გალაკტიონი ალბათ უკვე საკუთარ გადაწყვეტილებასთან მარტო იყო დარჩენილი.
ბოლო ნაბიჯი
საავადმყოფოს ერთ-ერთ ოთახში ექიმი იჯდა და ავადმყოფების ისტორიებს წერდა. გალაკტიონი თითქოს ელოდებოდა, როდის გამოვიდოდა ოთახიდან. როდესაც ექიმი გავიდა, პოეტი ოთახში შევიდა. მან აიღო სკამი, მიადგა ფანჯარას, რაფაზე დადგა, ფანჯარა გამოაღო და მეოთხე სართულიდან გადახტა.
1959 წლის 17 მარტს, საღამოს 17 საათსა და 50 წუთზე, გალაკტიონ ტაბიძის სიცოცხლე დასრულდა.
პოეტი დაეცა შენობის კედლისა და კიბის კუთხესთან. როგორც მოგვიანებით აღწერდა პოეტი და მკვლევარი ვახტანგ ჯავახაძე, გალაკტიონი იქვე გარდაიცვალა - ისე, რომ მიწაზე სისხლის კვალი თითქმის არ დარჩენილა.
გალაკტიონის გარდაცვალების შემდეგ მისი სიკვდილის გარემოებები საჯაროდ თითქმის არ განუხილავთ. ოფიციალურ განცხადებებში არ ითქვა, რომ პოეტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მის გარდაცვალებაზე აღიძრა, ერთ თვეში - 1959 წლის 15 აპრილს დაიხურა. დოკუმენტზე გაკეთებული იყო მოკლე მინაწერი: "მოისპოს".
დაკრძალვა
გალაკტიონის ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული და ამავე დროს ყველაზე ზუსტი სიტყვა, ალბათ, მაინც მარტოობაა. მაგრამ სწორედ ამ მარტოობიდან შეიქმნა გალაკტიონისეული პოეზია. ამიტომაც, როცა ახალგაზრდა გალაკტიონი კითხულობდა - ავიწყდება თუ არა კაცობრიობას გარდაცვლილის ჩრდილი - თავის საკუთარ ბედზე მან მაშინვე არ იცოდა პასუხი. დღეს ეს პასუხი უკვე ნათელია.
"სამარის ქვა ყველას ვერ ასამარებს".
ზოგჯერ პირიქით ხდება - ზოგჯერ ქვის მიღმა იწყება ნამდვილი უკვდავება. და გალაკტიონ ტაბიძე სწორედ ამ უკვდავების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი, ყველაზე სევდიანი და ყველაზე დიდი სახელია ქართულ კულტურაში. დღეს 17 მარტია. გალაკტიონის გარდაცვალების დღე. საქართველოს ეროვნულ არქივში გალაკტიონ ტაბიძის არაერთი ფოტო ინახება. გარდა ამისა დაცულია მისი პირადი ნივთები.