"გირჩის" წევრმა, ჰერმან საბომ, "რუსთავი 2"-ის გადაცემა "დებატებში" კორუფციის შემცირების "გირჩისეულ" ხედვებზე ისაუბრა. საბო მიიჩნევს, რომ ამისთვის აუცილებელია სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, არასაჭირო კანონების გაუქმება და ერთი ახალი რეგულაციის შემოტანაზე რამდენიმე სხვა რეგულაციის გაუქმება.
"ჩვენ რომ ვიყოთ ხელისუფლებაში რას ვიზამდით - იმისთვის, რომ კორუფციასთან ბრძოლა მართლა რეალური იყოს და რომ შემცირდეს, ამისთვის რამდენიმე რამეა გასაკეთებელი, რომელიც, ჩემი აზრით უნდა ქნას ნებისმიერმა პატიოსანმა ხელისუფლებამ: პირველი - უზრუნველყოს თავისუფალი სასამართლოს არსებობა, რადგან ამის გარეშე ბრძოლა კორუფციის თუ ოპონენტის მიმართ შეიძლება პოლიტიკურ ბრძოლად შეფასდეს. ის ფაქტი, რომ დღეს "ქართული ოცნების" მიმართ ეს ეჭვები არსებობს, რომ კორუფციასთან ბრძოლა სინამდვილეში ხომ არ არის ვიღაცებისთვის "თავის მოკვეთის" და პოლიტიკური ანგარიშსწორების ხერხი, ეს, მათ შორის, გამოწვეულია იმით, რომ ქართული სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. დამოუკიდებლობას მივაღწევდი რით: არჩევითი მოსამართლეებით, კერძო არბიტრაჟების მართლა გათავისუფლებით (მურუსიძის ხელმოწერა არ უნდა სჭირდებოდეს კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილებას), ასევე, ნაფიც მსაჯულთა სისტემის შემოტანით.
ამის შემდეგ მოვყვებოდი მთელ საკანონმდებლო ბაზას და გავივლიდი, რომელია ამ კანონებიდან ნამდვილი, სამართლიანი, სწორი კანონი და რომელია ადამიანების საწვალებლად მოგონილი. ყველა იმ საწვალებლად მიღებულ კანონს, რეგულაციას, შეზღუდვას გავაუქმებდი. მესამე - რომელიც შეგიძლიათ რჩევადაც მიიღოთ, საგარეო მიმართულებით არავინ მეგობარი არ გვყავს, არავისთან დაგვერეკებაო და იქნებ ამ ფაქტით მაინც მიიპყროთ, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღება, რადგან ზუსტად იქ ხდება მსგავსი რამ: ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, თუ გინდა ახალი რეგულაცია შემოიტანო, რამდენიმე ძველი უნდა გააუქმო. რომ ვნახე სტატისტიკა - ერთ ახალ რეგულაციაზე 50-ს აუქმებენ. შეგვიძლია 50-ზე არ გავიქაჩოთ, მაგრამ ერთი ახალი რეგულაციის შემოტანაზე 10 რომ გავაუქმოთ, ეს იქნება, როგორც მინიმუმ, ერთი ისეთი რამ, რომელზეც შეგიძლიათ მიხვიდეთ და უთხრათ, რომ ჩვენ თქვენნაირად ვიქცევითო. კარგი, სიტყვის თავისუფლება არ გვაქვს, დამოუკიდებელი სასამართლო არ გვაქვს, პრობლემები გვაქვს, მაგრამ აი, ამით მაინც დაგემსგავსეთო - ამას ვიზამდით ჩვენ, ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. შევამცირებდით ბიუროკრატიის და ჩვეულებრივი ადამიანის კონტაქტის წერტილებს, რაც ბუნებრივად გამოიწვევს კორუფციის შემცირებას," - აცხადებს ჰერმან საბო.