29 ოქტომბერი 2026,   07:00
ვრცლად
როგორ ირჩევენ ახალ პატრიარქს საქართველოში

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II გარდაიცვალა. ეკლესიაში ასეთ დროს იწყება კანონიკური პროცედურა, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით და რომლის შედეგადაც უნდა აირჩიონ ახალი პატრიარქი.

ვინ მართავს ეკლესიას პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ?

პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ეკლესიას დროებით ხელმძღვანელობს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე - პირი, რომელიც მართავს ეკლესიას ახალი პატრიარქის არჩევამდე.
2017 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დანიშნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი. შესაბამისად, დებულების თანახმად, სწორედ ის ხელმძღვანელობს ეკლესიას იმ პერიოდამდე, სანამ არჩეული იქნება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი.

მოსაყდრის მთავარი მოვალეობაა ეკლესიის მართვა გარდამავალ პერიოდში და ახალი პატრიარქის არჩევის პროცედურის ორგანიზება.

ვინ არის პატრიარქის მოსაყდრე - მიტროპოლიტი შიო

მიტროპოლიტი შიო (ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი) დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს, თბილისში.

თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ვიოლონჩელოს კლასში და სტუდენტობის პერიოდში რესპუბლიკურ კონკურსშიც გაიმარჯვა.

1991 წელს ელიზბარ მუჯირი დამკვიდრდა შიომღვიმის მონასტერში.

1993 წლის 5 თებერვალს აღიკვეცა ბერად და ეწოდა შიო.

მისი სასულიერო გზა ეტაპობრივად განვითარდა:

1995 წელს აკურთხეს დიაკვნად

1996 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდლად აკურთხა

1997 წელს დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად

1998 წელს დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში.

სხვადასხვა წლებში იგი მსახურობდა:

ანჩისხატის ტაძარში

ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში

მოსკოვში, ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის ტაძარში

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა იგი დანიშნა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად.

2017 წელს კი, ილია II-ის ბრძანებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე გახდა.

როგორ ირჩევენ ახალ პატრიარქს

საქართველოს ეკლესიის დებულების მიხედვით, პატრიარქის არჩევა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს.

1. საპატრიარქო ტახტის დაქვრივების პერიოდი

პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ეკლესიას დროებით მართავს მოსაყდრე.

2. წმინდა სინოდის მოწვევა

პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა, მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს.

3. პატრიარქობის კანდიდატების დასახელება

სინოდის თითოეულ წევრს აქვს უფლება დაასახელოს ერთი კანდიდატი, მათ შორის საკუთარი თავი.

4. სამი კანდიდატის შერჩევა

სინოდი კენჭისყრით ირჩევს სამ კანდიდატს, რომლებიც ხმათა უმრავლესობას მიიღებენ.

5. გაფართოებული კრება

ამის შემდეგ იკრიბება საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება.
კრებაზე შესაძლებელია კანდიდატების განხილვა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მღვდელმთავრები.

6. კენჭისყრა

პატრიარქად ჩაითვლება არჩეული ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს.

თუ პირველ კენჭისყრაში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საჭირო რაოდენობის ხმა, ტარდება მეორე ტური, სადაც მონაწილეობს ორი ყველაზე მეტი ხმის მქონე კანდიდატი.
პატრიარქის აღსაყდრება

არჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია ტარდება მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.

ამის შემდეგ ის ოფიციალურად იწყებს მსახურებას როგორც:

"უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი".

რამდენი ხნით ირჩევენ პატრიარქს

მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, პატრიარქი ირჩევა სამუდამოდ - სიცოცხლის ბოლომდე.

დღის ამბები