პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პატრიარქის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
"ყველამ ერთად ვილოცოთ ჩვენი პატრიარქისთვის, ვუსურვოთ მას სიმხნევე და გამოჯანმრთელება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთად ვიდგეთ და ვილოცოთ მისთვის. ექიმების კონსილიუმი იყო და განიხილავენ, რა როგორ უნდა გადაწყდეს. ყველაფერს აკეთებს სახელმწიფოც და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ, სამედიცინო ჩარევით, შესაძლებელი გახდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი რეანიმაციაში რჩება. ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრში, კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. ამ წუთებში, კლინიკაში ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები არიან შეკრებილები. ექიმების ინფორმაციით, მდგომარეობა საყურადღებოა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე, პატრიარქის უცხოეთში გადაყვანა არ განიხილება, თუმცა სახელმწიფო მაქსიმალურ მზადყოფნაშია, თუ დადგება უცხოელი ექიმის ჩამოყვანის საჭიროება, ეს მყისიერად მოხდეს.