04 აგვისტო 2026,   12:32
ვრცლად
იმედია, გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია - ვახტან კალოიანი

შევიკრიბეთ რეანიმატოლოგები, ვნახეთ სამედიცინო დოკუმენტაცია, ანალიზების პასუხები, გავსინჯეთ პაციენტი. ვითარება რთულია. გულის მუშაობისა და წნევის შესანარჩუნებლად იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე, – ამის შესახებ ვახტანგ კალოიანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

რეანიმატოლოგის თქმით, მკურნალობის გეგმაში პრინციპულად არაფერი შეცვლილა.

"მნიშვნელოვანია შემდგომი დინამიკა, რამდენად ეფექტური იქნება ჩარევები, რაც განხორციელდა. ამ ეტაპზე, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ სისხლდენა შეჩერებულია. სხვა დეტალებზე საუბარი ჯერ რთულია. კუჭიდან სისხლდენა არის ძირითადი პრობლემა. ამან გამოიწვია გარკვეული ძვრები მის ორგანიზმში, რაც სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ამბავია. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მედიკამენტების ფონზე წნევის შენარჩუნება ხერხდება, დანარჩენი უკვე დროის საკითხია. მკურნალობის გეგმაში პრინციპულად არაფერი შეცვლილა, გარკვეული დეტალები დავაზუსტეთ. მკურნალობა ჩატარებულია სრული მოცულობით და არ სჭირდებოდა არანაირი რადიკალური ცვლილებები. პაციენტს სჭირდება გარკვეული მედიკამენტებით ინტენსიური დახმარება. პროგნოზთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რთული იქნება რამის თქმა. ვითარება კომპლექსურია, გარკვეული დრო არის საჭირო, რომ სისხლდენის და შოკის შედეგები იყოს კუპირებული. იმედია, გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია. ამ ეტაპზე რა პრეპარატებიც სჭირდება, ყველაფერი უზრუნველყოფილია როგორც მედიკამენტების, ისე ტექნიკური აღჭურვილობის სახით. დამატებითი მობილიზაცია საჭირო არ არის. კონსილიუმში ვმონაწილეობდით ქართველი ექიმები. ვერ გეტყვით, უცხოელი სპეციალისტების ჩართვა თუ მოხდება“, – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

ცნობისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი რეანიმაციაში რჩება. ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრში, კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. ამ წუთებში, კლინიკაში ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები არიან შეკრებილები. ექიმების ინფორმაციით, მდგომარეობა საყურადღებოა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე, პატრიარქის უცხოეთში გადაყვანა არ განიხილება, თუმცა სახელმწიფო მაქსიმალურ მზადყოფნაშია, თუ დადგება უცხოელი ექიმის ჩამოყვანის საჭიროება, ეს მყისიერად მოხდეს.

დღის ამბები