06 აგვისტო 2026,   03:16
ვრცლად
უფასო პროფესიული განათლება და დასაქმების რეალური პერსპექტივა - თბილის მერიის პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაში რამდენიმე სიახლე დაინერგა

უფასო პროფესიული განათლება და დასაქმების რეალური პერსპექტივა - ასაკობრივი ზღვარის შემცირების შემდეგ, 16 წლის ილია ცერცვაძისთვის ახალი შესაძლებლობები გაჩნდა. მოზარდს უკვე შეუძლია სასურველი პროფესია კოლეჯში შეისწავლოს. ვიდრე სრულწლოვანი გახდება, მას აქვს შანსი სახელმწიფო სერტიფიკატი მოიპოვოს და პირველი შემოსავალიც მიიღოს.

ასაკობრივი ბარიერის დაწევა, ახალი პროფესიული მიმართულებები და დასაქმების ხელშეწყობა - თბილის მერიის პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაში რამდენიმე სიახლე დაინერგა. წელს პირველად ამოქმედდება კარიერული კონსულტირების სერვისი, რაც ნიშნავს რომ კურსდამთავრებულებს პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირებაში სპეციალისტები დაეხმარებიან.

პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპზე გადადის - თბილისის მერიასა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს და მიზნად ისახავს ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროგრამების დანერგვას და განვითარებას. ახალი თანამშრომლობა სწავლის დასრულების შემდეგ, რეალური დასაქმების შანსსაც ზრდის.

ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და ენერგოეფექტურობა - გაზაფხულის სემესტრზე, გლობალური ტენდენციებისა და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით ეს ორი პრიორიტეტული სფერო გამოიკვეთა. ახალი სემესტრიდან მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ ისეთ თანამედროვე კურსებს, როგორიცაა დრონის მართვა, ელექტროდამტენების სპეციალისტი, ვებსაიტების შექმნა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და სხვა. წელს პროგრამა თბილისელებს სრულიად უფასოდ 80-ზე მეტ მოთხოვნად კურსს სთავაზობს.

სახელმწიფო და კერძო პროფესიულ კოლეჯებში ახალ სემესტრზე სწავლის მსურველთათვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 1 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. წელს პროგრამა დაახლოებით 2 000 თბილისელს მოემსახურება. ინფორმაციული ტექნოლოგიები; ინჟინერია; ვეტერინარია - ეს მხოლოდ ნაწილია იმ მიმართულებების, რომლებშიც მსურველებს სწავლა შეუძლიათ.

პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წლიდან მოქმედებს. ამ დროის განმავლობაში 15 ათასზე მეტი ადამიანი გადაამზადა, რომელთა 75 პროცენტი უკვე დასაქმებულია.

ავტორი: ირაკლი კოშაძე

დღის ამბები