სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაიცვალების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ გააცნო. მეუფე შიოს თქმით, შეუფასებელია ილია მეორეს ღვაწლი, რომელმაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის აღმშენებლობაში უდიდესი როლი ითამაშა.
საქართველოს სიყვარულში, თავდადებულ შრომასა და ერის გაერთიანებისთვის ბრძოლაში განვლილი 49 წელი საპატრიარქო ტახტზე დასრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გარდაიცვალა, საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა, ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა, ერმა სულიერი მამა დაკარგა.
პატრიარქი ერისთვის მხოლოდ სასულიერო პირი რომ არ ყოფილა, ამას გუშინ განვითარებული მოვლენებიც ადასტურებს. ვიდრე ქვეყანა სამწუხარო ინფორმაციას შეიტყობდა, იმ კლინიკის ეზოში, სადაც ილია მეორე იყო მოთავსებული, მრევლი მთელი დღის განმავლობაში იკრიბებოდა, ლოცულობდა და ღმერთს სულიერი მამის გადარჩენას სთხოვდა.
რიგით მოქალაქეებთან ერთად კავკასიის მედიცინის ცენტრში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. პრეზიდენტი, პრემიერი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრები - გუშინ ილია მეორემ მთელი ქვეყანა კიდევ ერთხელ, ერთი იდეის გარშემო გააერთიანა.
საღამოს კლინიკის ეზოში ისევ შეიკრიბა ყველა. ამჯერად ითქვა ის, რისი გაგებაც არავის სურდა. პატრიარქმა ამქვეყნიური ცხოვრება დაასრულა.
მთელი დღის განმავლობაში ილია მეორის სიცოცხლის გადასარჩენად სამედიცინო ცენტრის მედიკოსები, ქართველი ექიმები და ჯანდაცვის სამინისტრო იბრძოდა. სიმბოლური სიტყვებით და გულწრფელი ემოციით ახსნა ჯანდაცვის მინისტრმა, რას ნიშნავს პატრიარქის დაკარგვა - სხვანაირი იქნება საქართველო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ცხედარი, კლინიკიდან საპატრიარქოში გადაასვენეს. ვიდრე შენობაში სინოდის წევრები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამგლოვიარო ცერემონიის დეტალებს განიხილავდნენ, გარეთ ხალხი გლოვობდა და პატრიარქის მიერ დაწერილ იმ საგალობელს გალობდა, რომლითაც ერის სულიერმა მოძღვარმა თავი განსაკუთრებით დაგვამახსოვრა.
საქართველოში დროშები დაეშვა. ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა. და როგორც ყველა ამბობს, პატრიარქის გარდაცვალებით ის ეპოქა დასრულდა, რომლის დროსაც ასობით ტაძარი აშენდა და აღდგა. ერი კი, რომელიც საბჭოთა სისტემის გამო ღმერთს დაშორებული იყო, ისევ ქრისტიანობაზე მოექცა. სწორედ ილია მეორის ხელმძღვანელობით, ქართველმა ხალხმა სუვერენიტეტი განიმტკიცა და ქრისტიანული ღირებულებებით შეიმოსა.