"უდიდესი მწუხარებისა და ტკივილის დღეა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ერის სულიერი მამის ილია მეორის გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკარგია მთელი ერისთვის და სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის," - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში.
"მისმა უწმინდესობამ თავისი ცხოვრება მთლიანად მიუძღვნა საქართველოს, მის სულიერ გაძლიერებას, ერთიანობასა და მშვიდობას. ჩვენი ქვეყნის ურთულეს პერიოდებში, სწორედ მისი სიტყვა, სიბრძნე და სიმშვიდე იყო ის ძალა, რომელიც ხალხს ამხნევებდა და აერთიანებდა.
პატრიარქის ღვაწლი განსაკუთრებით გამორჩეულია ეროვნული იდენტობის, ტრადიციებისა და რწმენის შენარჩუნებაში. სწორედ მის დროს ეკლესია იქცა იმედისა და ერთობის საყრდენად.
პატრიარქმა ილია მეორემ უდიდესი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მისი სულიერი მემკვიდრეობა მუდამ იცოცხლებს თითოეული ქართველის გულში.
ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ქართულ ეკლესიას და თითოეულ მოქალაქეს," - წერს ირაკლი კირცხალია.