12 აგვისტო 2026,   11:48
ვრცლად
მსოფლიო პატრიარქი: მარადიული და უკვდავი იყოს ჩვენი ძმისა და თანამსახურის, უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა

მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლად უწმინდესმა ბართლომეოსმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს ოფიციალური სამძიმრის წერილი გამოუგზავნა, რომელშიც პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"საქართველოს უწმინდესი ეკლესიის მარად სახსენებელი წინამძღვრის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების გამო, ვფიქრობთ მის მამობრივ სიყვარულზე ღვთისმოსავი ერისა და მეგობარი ქვეყნის - საქართველოს მიმართ; იმ გულწრფელ სიყვარულზე და ღრმა პატივისცემაზე, რომელსაც ქართველი ხალხი მისი პატივსაცემი პიროვნებისადმი იჩენდა მთელი მისი ხანგრძლივი და კურთხეული პატრიარქობის განმავლობაში - რა დროსაც გამორჩეულად განმტკიცდა საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის საყდართან, რომლის მიმართაც მას ღრმა პატივისცემის და მადლიერების გრძნობა ჰქონდა - გამოვხატავთ მსოფლიო საყდრისა და პირადად ჩემს სამძიმარს საქართველოს უწმინდესი ეკლესიისა და მისი ერთგული სამწყსოს მიმართ.

მთელი გულით ვლოცულობთ მისი სულის განსვენებისთვის "ქუეყანასა მას ცხოველთასა" და მართალთა სავანეებში, რათა ეკლესიის დამფუძნებელმა და მწყემსმთავარმა ქრისტემ აღუდგინოს მას ღირსეული მემკვიდრე.

მარადიული და უკვდავი იყოს ჩვენი ძმისა და თანამსახურის, უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა," - აღნიშნულია მსოფლიო პატრიარქის წერილში.

მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლად უწმინდესმა ბართლომეოსმა აღასრულა პანაშვიდი საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენებლად.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე 

დღის ამბები