ქვეყანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ემშვიდობება. სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო პანაშვიდი გრძელდება. მას შემდეგ, რაც პატრიარქის ცხედარი საპატრიარქოდან სამებაში გადაასვენეს, უწმინდესის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად, ტაძარში მოქალაქეები 24 საათის განმავლობაში იკრიბებიან.
ათასობით ადამიანი ცდილობს პატივი მიაგოს ადამიანის ხსოვნას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ერის ერთიანობისა და სულიერი სიმტკიცის სიმბოლო იყო.
სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია. გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომებიც.
უკვე ცნობილია, რომ ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება.
ინფორმაცია ვიზიტის შესახებ „კურიერს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალურად დაუდასტურეს.
პატრიარქის ანდერძის თანახმად, მას კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ - იქ, სადაც მრავალწლიანი მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი წლები გაატარა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
