"კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე. მეუფე შიო, მღვდელმთავრებთან ერთად, აღავლენს წირვას. მსოფლიოს პატრიარქის თვითმფრინავი, დაახლოებით, 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში და 12:00 საათისთვის ველოდებით აქ. ეს არის მისი გადაწყვეტილება და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას. ის აუგებს წესს, მღვდელმთავრებთან ერთად," - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა განაცხადა.
"შემდეგ იქნება სიტყვით გამოსვლა, ქადაგება სხვადასხვა მოღვაწისა, უწმინდესის შესახებ. უკვე შემდეგ სიონში გადავასვენებთ უწმინდესს და იქ დაიკრძალება.
ხედავთ რა ხდება, მეტროდან იწყება მოქალაქეების რიგები, უწყვეტად მრავალი საათის განმავლობაში და მით უმეტეს დაკრძალვის დღეს ბევრად მეტი ადამიანი იქნება. ალბათ, გადაჭედილი იქნება მთელი ტერიტორია, სამებიდან სიონის ტაძრამდე. ტაძარში შესვლაზე იქნება გარკვეული შეზღუდვები, მხოლოდ საშვებით იქნება დაშვება. სასულიერო პირებიც შეზღუდულად იმსახურებენ წირვის დროს და შესვლა იქნება მხოლოდ საშვებით," - განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.
სამების საკათედრო ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება. უწმინდესთან და უნეტარესთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად, მოქალაქეები უზარმაზარ რიგში დგანან. სამების ტაძრის ეზო და მიმდებარე ქუჩები ხალხითაა სავსე. მათთვის, ვისაც ილია მეორისთვის უკანასკნელი პატივის მიგება სურს, ეკლესიის კარი 24 საათის განმავლობაში ღიაა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს უწმინდესსა და უნეტარეს ილია ΙΙ-ს, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა ქართულ ეკლესიას, კვირას სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაკრძალავენ.