საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში მივიდა.
იქამდე, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად, სამებაში სამხედრო მოსამსახურეები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
საკათედრო ტაძარში ხალხის ნაკადი ამ დრომდე არ წყდება. უწმინდესთან და უნეტარესთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად, მოქალაქეები რიგში საათობით დგანან. მათთვის, ვისაც ილია მეორისთვის უკანასკნელი პატივის მიგება სურს, ეკლესიის კარი 24 საათის განმავლობაში ღიაა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს უწმინდესსა და უნეტარეს ილია ΙΙ-ს, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა ქართულ ეკლესიას, კვირას, სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაკრძალავენ.