საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ერთობლივი კომისიის წევრები სინოდთან ერთად შეთანხმდნენ პატრიარქის დაკრძალვის ადგილზე. თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში შერჩეულია ზუსტად ის ლოკაცია, რომელიც თავად უწმინდესსა და უნეტარესს სურდა - ეკლესიის საკურთხევლის წინ, ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარე, ამბიონის გაგრძელებაზე, წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლს შორის, რომელიც უშუალოდ ილია მეორის დავალებით დაიწერა.
სწორედ აქ მსახურობდა უწმინდესი წლების განმავლობაში. 1977 წლიდან, ანუ აღსაყდრებიდან, 2004 წლამდე - ვიდრე სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა არ დასრულდა. სიონშია დაკრძალული საქართველოს 8 პატრიარქი. ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს აქტიური საორგანიზაციო სამუშაოები.
თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანის, სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურის, მამა გიორგი (ვაშალომიძის) განცხადებით, საფლავი მზად არის, მცირე დეტალები დარჩა.
"ფაქტობრივად, მზად არის საფლავი, მცირე დეტალები დარჩა. უკვე ხვალ, სამების საკათედრო ტაძრიდან, მას შემდეგ, რაც დასრულდება წირვა და წესის აგების მსახურება, მისი უწმინდესობის ცხედარს ჩამოაბრძანებენ სიონის საკათედრო ტაძარში.
რაც შეხება ადგილს, ეს არაერთხელ გახმოვანდა, ადგილი საკურთხევლის გასწვრივ, კერძოდ ამბიონთან. ეს განსაკუთრებული ადგილია ტაძარში, ამავდროულად, ეს გახლავთ ადგილი წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცულ წმინდა ხატის ასლს შორის", - განაცხად მამა გიორგი (ვაშალომიძემ).