დეკანოზი ვლადიმერი (ვახტანგაძე) "რუსთავი 2-ის" ეთერში განმარტავს, თუ რატომ დაიკრძალება კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში:
"აღესრულება საღმრთო ლიტურგია, რომელსაც წაუძღვება საპატრიარქო ტახტის მემკვიდრე, მოსაყდრე შიო. ლიტურგიაში მონაწილეობას მიიღებენ წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავრები. ლიტურგიის შემდეგ, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის
ნეშტს გადავასვენებთ სიონის საპატრიარქო ტაძარში და მისი ანდერძისამებრ მოხდება სიონის საპატრიარქო ტაძარში მისი განსვენება.
ვინც ტაძარში ფიზიკურად ვერ შევა, ექნება შესაძლებლობა, გარეთ დამონტაჟებულ მონიტორებზე თვალყური ადევნოს ამ პროცესს, რომელიც უკავშირდება, სწორედ იმ ლიტურგიულ მსახურებას, რომელიც წინ წარუძღვება პატრიარქის დაკრძალვას.
ბოლო ხანებში ხშირად საუბრობდნენ იმაზე, თუ სად უნდა დაკრძალულიყო კათოლიკოს-პატრიარქი. განმარტების სახით ვიტყვი, რომ მე, პირადად, მახსოვს ძალიან კარგად, ეს იყო 2009 წლის 21 სექტემბერი, შუადღეს, ტრაპეზზე, რამდენიმე სასულიერო პირი ესწრებოდა ჩემს გარდა და მისმა უწმინდესობამ ასეთი რამ გვკითხა, თუ იცით, სად უნდა იყოს ჩემი განსასვენებელი. მაშინ რაღაცნაირად ძალიან დავიბენით ყველანი, ხმა ვერავინ ამოვიღეთ და მან ბრძანა, რომ ეს უნდა იყოს სიონის საპატრიარქო ტაძარი. ასე, რომ ეს ტრადიცია, რომელიც დღესაც გრძელდება, პატრიარქი კირიონიდან მოყოლებული, ყველა კათოლიკოს პატრიარქის განსასვენებელი არის სიონის საპატრიარქო ტაძარი," - განაცხადა დეკანოზმა მამა ვლადიმერმა (ვახტანგაძე).