ბულგარეთის პატრიარქი დანიელი, საქართველოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
პატრიარქი დანიელი სამების საკათედრო ტაძარში, ილია II-ისთვის პატივის მისაგებად მივიდა, ხვალ კი, დაკრძალვას დაესწრება.
"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აცილებს თავის მამას, პატრიარქ ილიას, მის უკანასკნელ მიწიერ გზაზე. მაგრამ ჩვენ ყველანი ვემშვიდობებით თანამოძმეს, ღირსეულ მღვდელმთავარს, რომელმაც მრავალი წელი მიუძღვნა წმინდა ეკლესიას - ორმოცდაცხრა წელი პატრიარქის მსახურებაში. როდესაც მივიღეთ ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ და მოწვევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან, გვინდოდა აქ ჩამოსვლა არა მხოლოდ ფორმალური მოვალეობის გამო, არამედ იმიტომ რომ ეს დიდი კურთხევაა ჩვენთვის.
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით, ღრმა სამძიმარს გიცხადებთ თქვენ და სრულიად ქართველ ხალხს. ამავდროულად, დიდ მადლიერებას ვგრძნობთ, რომ პატრიარქი ილია ამ წუთებშიც გვკრებს და გვაძლევს შესაძლებლობას, ამ დიდებული მოვლენის მონაწილენი გავხდეთ. ვიმედოვნებთ და ვლოცულობთ, რომ მისი კურთხევა ჩვენც მოგვემადლოს. საუკუნო და ნეტარი იყოს პატრიარქ ილიას ხსოვნა,"- განაცხადა ბულგარეთის პატრიარქმა.
პატრიარქ დანიელს თან ახლავს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან:
ლოვიჩის მიტროპოლიტი გაბრიელი;
სტავროფორი იკონომოსი ვენიამინ პავლოვი;
დოქტორი ალექსანდრე სმოჩევსკი (სოფიის მიტროპოლიტისა და ბულგარეთის პატრიარქის მრჩეველი კანონიკურ-სამართლებრივ საკითხებში);
დიმიტრი გორანოვი (ბულგარეთის პატრიარქის კაბინეტის უფროსი).
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.