30 ოქტომბერი 2026,   11:30
ვრცლად
ქვეყანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემშვიდობება - ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვა დილის 9 საათზე დაიწყება

ქვეყანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემშვიდობება.

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს დაკრძალავენ.

ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა დილის 9 საათზე დაიწყება.

ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებს.

12 საათის შემდეგ კი სამებაში კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან და სინოდის წევრებთან ერთად უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას შეასრულებს.

ცერემონიას დაესწრება სხვადასხვა დელეგაცია, დაგეგმილია სიტყვით გამოსვლებიც. ილია მეორეს სამების ტაძრიდან დღის 3 საათისთვის გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყება.

სიონის ტაძრამდე გზაზე, მოეწყობა ცოცხალი დერეფანი, ასევე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ამ გზაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე თვალი ადევნონ სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში. უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.

კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება. ბოლო დღეების განმავლობაში ელიას მთის შემაღლებული ბორცვისკენ მთელი ერი დაუღალავად, დაუსრულებელ რიგში იდგა. პატრიარქისთვის უკანასკნელი სიტყვების თქმა ყველას უნდოდა დიდსა თუ პატარას, ახალგაზრდას თუ მოხუცს.

დღის ამბები