სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიის დეტალებზე ისაუბრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა სამგლოვიარო მსვლელობისას ექნება.
მარშრუტის გასწვრივ ცოცხალი დერეფანი მოეწყობა. მსახურება 12 საათისთვის, გამოსვენება კი, დაახლოებით 15:00 საათისთვის დაიწყება.
"დაახლოებით 12 საათზე დაიწყება წესის აგების მსახურება და, ვფიქრობთ, 15:00 საათისთვის დაიწყება კათალიკოს პატრიარქის გადასვენება სიონის საკათედრო ტაძარში. მარშრუტი იქნება იგივე, როგორც ამოვედით ამოსვენებისას საპატრიარქოდან. ხალხის რაოდენობა ძალიან დიდია და ამ ხალხს, ვინც ვერ მოახერხა გამომშვიდობება პატრიარქთან, საშუალება ექნება, რომ სიონის საკათედრო ტაძარში გადასვენებისას, ცოცხალ კორიდორში ჩადგეს და პატრიარქი ასე გააცილოს მის უკანასკნელ გზაზე სიონამდე.
ეს დღეები რაღაც საოცრება სუფევს ჩვენს ერში - თითქოს სხვანაირად დავინახეთ ერთმანეთი, რაღაც მეტია სიყვარული... ეს დღეები დაემსგავსა 9 აპრილის შემდგომ დღეებს, როდესაც ჩვენი გული სავსე იყო ტრაგედიითაც, იმედითაც - დღესაც ასეთი რამ ხდება. ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისია ეს, რაც მოხდა, თუმცა იმედი არის იმისი, რომ პატრიარქმა ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს ჩაუყარა საფუძველი ეკლესიაში და მისი დაწყებული საქმეები გაგრძელდება. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ რაც შევძელი გავაკეთეო - სხვამ იქნებ უკეთესად გააკეთესო. მაგალითი ბევრი მოგვცა თავდადების და ერთგულად მსახურებისა ეკლესიისათვის და ხალხისთვის. ის იყო ღირსეული წინამძღვარი ერისა, მაგალითის მიმცემი და თავად მოღვაწე," - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.