28 ოქტომბერი 2026,   13:05
ვრცლად
საქართველო რამდენიმე დღეა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამძიმარს იღებს - ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები, დიპლომატიური უწყებები, სასულიერო პირები, დიასპორა

საქართველო უკვე რამდენიმე დღეა სამძიმარს იღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ილია მეორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამენ მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები, პირველი პირები, დიპლომატიური უწყებები, სასულიერო პირები და დიასპორა. იხსენებენ უწმინდესის ღვაწლს და ილია მეორის წვლილს სხვადასხვა ერისა და ეკლესიების დაახლოებაში. ათასობით ჩანაწერს ინახავს საქართველოს საელჩოებში გახსნილი სამძიმრის წიგნები.

გერმანიაში, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში, ჩანაწერი პრეზიდენტის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის სახელით გაკეთდა. საელჩოში მივიდნენ გერმანიის საგარეო უწყების მაღალჩინოსნები.

პოლონეთის პრეზიდენტის სახელით კი ვარშავაში მდებარე საქართველოს საელჩოში მივიდა კაროლ ნავროცკის კანცელარიის სახელმწიფო მდივანი, ასევე ლუბლინისა და ხელმის მთავარეპისკოპოსი, მეუფე აბელი. საქართველოს საელჩოს, პოლონეთის ეპისკოპატის გენერალური მდივანი და პრესსპიკერი ეწვივნენ, მათ სამძიმრის წიგნში შესაბამისი ჩანაწერები გააკეთეს.

ათენსა და სალონიკში საელჩოებს ეწვივნენ საბერძნეთის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეები. ბუქარესტში კი საქართველოს საელჩოში, ანთიმოზ ივერიელისა და კიაჟნას მონასტრების წინამძღვრებმა პანაშვიდი გადაიხადეს.

დოჰას მართლმადიდებლურ ტაძარში პანაშვიდი აღავლინა კატარის მთავარეპისკოპოსმა არისტოვულოსმა. ლოცვა შესრულდა რამდენიმე ენაზე, მათ შორის ქართულად. ღვთისმსახურებას ყატარში საქართველოს ელჩი ვაკო ავალიანი ესწრებოდა. საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გააკეთეს ესპანეთის საგარეო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა.

პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს ქვეყანაში აკრედიტებულმა დიპლომატებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებმა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა. ნიუ-იორკში, გაერო-სთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტიერეშის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია, სამძიმარი გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო და საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. ვატიკანში საქართველოს საელჩოში სამძიმრის ჩანაწერი დატოვეს წმინდა საყდრის წარმომადგენლებმა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა.

დღის ამბები