ყველაზე მძიმე და მდუმარე იყო ბოლო ღამე სამების საკათედრო ტაძარში. ღვთის სახლამდე მისვლა მრევლისთვის ყველაზე მძიმე და ემოციური იყო. მოქალაქეების უწყვეტი და ყველაზე მტკიცე რიგი ღამის ორ საათამდე არ წყდებოდა. ხალხი 24 საათიან რეჟიმში ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მიდიოდა. პატრიარქის დაწერილი გალობა, ლოცვა და დიდი მდუმარება იყო გუშინ ელიას მთაზე, სადაც თითოეულ ადამიანს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ სულიერ მამას უკანასკნელად ხედავდა. სამებაში იმყოფებოდნენ პრემიერი, პრეზიდენტი და მთავრობის წევრებიც.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით, დილის 8 საათზე გაიხსნა სამების საკათედრო ტაძარი, რომელიც ღამის განმავლობაში დაკრძალვის ცერემონიის მოსამზადებლად დაკეტილი იყო.
ტაძარში მისულმა მრევლმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"ყველაზე მთავარი - სიყვარული დაგვიბარა და როცა ამას შევასრულებთ, ყველაფერში გამოიხატება და საქართველო გაბრწყინდება, რასაც თვითონაც გვეუბნებოდა".
"ჩემი ბევრი სატკივარი ვუთხარი და ვთხოვე, რომ ჩვენი სამშობლო გაგვიძლიეროს. ღვთის წყალობით, ჩვენს საქართველოს გაამთლიანებს მისი ლოცვა-კურთხევა".
"მარადისობაში გადასულმა შეძლო ქართველი ხალხის გაერთიანება და იმედია, ზემოდან ილოცებს ჩვენთვის".