სიონის ტაძარში საქართველოს პატრიარქის დასვენების შემდეგ, მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიასა და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებში, სამგლოვიარო ზარები დაირეკა.
მის უწმინდესობას, ამავე ტაძრებში სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაუხადეს. ილია მეორეს სწორედ აქედან დაემშვიდობნენ მისი სულიერი შვილები, რომლებმაც დღეს თბილისში გამგზავრება ვერ მოახერხეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე უკანასკნელ გზაზე გააცილეს. პატრიარქის სურვილის მიხედვით, სწორედ სიონის ტაძარი განწესდა მის სამუდამო განსასვენებლად, რომელიც მომზადდა ტაძრის ჩრდილოეთით, იქ, სადაც ერის უდიდესი სიწმინდეები - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი და წმინდა ნინოს ჯვარია დაბრძანებული.
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრნენ.
იქამდე, სამების საკათედრო ტაძარში, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან და სინოდის წევრებთან ერთად, წესის აგების მსახურება აღავლინა. სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებოდა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად. მრევლს ჰქონდა საშუალება ვიწრო დერეფნის მეშვეობით უკანასკნელად მიახლებოდა პატრიარქის ცხედარს და მისთვის პატივი მიეგო.
სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციები.