23 ივნისი 2026,   07:07
ვრცლად
პატრიარქის გარდაცვალების გამო, საქართველო სამძიმრის წერილებს მსოფლიოს ყველა წერტილიდან იღებს - საერთაშორისო გამოხმაურება ერის სულიერ მამაზე

რამდენიმე დღეა კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო, საქართველო სამძიმრის წერილებს მსოფლიოს ყველა წერტილიდან იღებს.

მწუხარებას გამოთქვამენ პოლიტიკური ლიდერები, მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები და სხვადასხვა კონფესიის რელიგიური წინამძღვრები - ისინი პატივს მიაგებენ პატრიარქის ნახევარსაუკუნოვან მსახურებას, იხსენებენ მასთან პირად შეხვედრებს. მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიებში.

ის იყო ქართველი ერის წინამძღვარი და მესაჭე, უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელმაც გააერთიანა ქართველები და ეკლესიის ხანგრძლივ ისტორიაში ეროვნული ერთიანობა დაამკვიდრა. საბჭოთა ოკუპაციიდან ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენამდე და დღესაც, მან უმთავრესი როლი ითამაშა ქვეყნის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში - ასე აფასებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საერთაშორისო საზოგადოება.

ილია მეორე აღიქმებოდა არა მხოლოდ როგორც ეკლესიის წინამძღვარი, არამედ ქვეყნის მთავარი მორალური ავტორიტეტი, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ილია მეორე ხვდებოდა მსოფლიო რელიგიურ და პოლიტიკურ ლიდერებს.

პატრიარქის გარდაცვალების გამო ქართველ ხალხს უსამძიმრებენ ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ისრაელის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, იაპონიის და სხვა არაერთი ქვეყნის მთავრობები.

"უპირობო ავტორიტეტი მთელს ქრისტიანულ სამყაროში", "ეპოქალური ფიგურა", "საქართველოს სტაბილურობის სულიერი ლიდერი", "ქვეყნის ეროვნული ქვაკუთხედი" - ასე მოიხსენიებენ წამყვანი საერთაშორისო გამოცემები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

მსოფლიო მედია იმ დამსახურებებზე საუბრობს, რომელიც საქართველოს კათალიკოს- პატრიარქს მართლმადიდებელი ეკლესიის აღორძინებაში მიუძღვის.

"ნიუ-იორკ თაიმსი" წერს: როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ინსტიტუტის - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ვადით მოღვაწე პატრიარქმა, ეკლესია ქვეყნის ყველაზე მდგრად და პატივსაცემ ინსტიტუციად აქცია. საქართველო ამაყობს იმით, რომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა. განსაკუთრებულად ხაზგასმულია უპირობო ავტორიტეტი, რომლითაც პატრიარქი მთელ ქრისტიანულ სამყაროში სარგებლობდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას ეხმაურება ფრანგული გამოცემა "ლე ფიგაროც". სტატიაში აღნიშნულია, რომ "მან საეკლესიო იერარქიის ყველა საფეხური განვლო და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი ერისთვის უმთავრეს მორალურ საყრდენად იქცა. 1977 წლიდან იგი სათავეში ჩაუდგა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივი მსახურების მქონე რელიგიურ ლიდერად მოგვევლინა. მისი მმართველობის პერიოდში ეკლესიამ საგრძნობლად განამტკიცა ავტორიტეტი და გავლენა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

საქართველოს პატრიარქს გლოვობს არა მხოლოდ მართლმადიდებელი მრევლი, ქართველმა მუსლიმებმა გააუქმეს მუსლიმებისთვის ყველაზე დიდ დღესასწაულებთან "ნოვრუზ ბაირამთან" და "რამაზან ბაირამთან" დაკავშირებული ღონისძიებები.

ილია მეორეს მრავალწლიანი მსახურება რელიგიათაშორისი პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.

პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს იეზიდთა სასულიერო საბჭოსა და საქართველოში "ხსნის არმიის" წარმომადგენელმა სასულიერო პირებმა.

 

ავტორი: ნათია ჩეხერია

დღის ამბები