სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორისთვის პატივის მიგება მრევლს 8:00-დან 22:00 საათამდე, ყოველდღე შეეძლება. დროებით იმოქმედებს შეზღუდვებიც - სრულ მოწესრიგებამდე, პატრიარქის საფლავთან მიახლება აკრძალული იქნება.
ასევე, ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები, მგალობლების თანხლებით, პანაშვიდს გადაიხდიან. პანაშვიდები 10:00-დან 16:00 საათამდე და 18:00-დან 22:00 საათამდე ჩატარდება. პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გუშინ, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა.
"ჯერჯერობით, საფლავთან მიახლებასა და შეხებასთან დაკავშირებით თავს ვიკავებთ, რადგან არ არის დასრულებული, თუმცა ყველას შეუძლია, რომ საფლავთან ჩაიაროს. დილის 08:00-08:30-დან პანაშვიდები იქნება უკვე სისტემატურად, არის გაკეთებული სპეციალური სია - სასულიერო პირები, მოძღვრების მობრძანდებიან და აღავლენენ პანაშვიდებს უწმინდესი პატრიარქის სახელზე," - აცხადებს დეკანოზი ირაკლი ნემსაძე.
ავტორი: ქეთი მარსაგიშვილი