ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს "ინოვაციების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული სტატუსების - ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის შესახებ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელთა ძირითადი საქმიანობა წარმოადგენს კვლევისა და განვითარების (R&D) მომსახურების გაწევას. სტატუსის მოქმედების ვადა ერთი წელია და, სტატუსის ფარგლებში, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი 5%-ს გაუტოლდება.
გარდა ამისა, ბიზნესის წარმომადგენლებმა ასევე მოისმინეს პრეზენტაცია სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" უნივერსალური ინდუსტრიული მიმართულების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, კერძო სექტორის გაძლიერებას და R&D საქმიანობის მხარდაჭერას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.