მმართველ გუნდში დღეს პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა წარმომადგენლების და აქტივისტების მხრიდან გაჟღერებული შეურაცხმყოფელი განცხადებებიც გაიხსენეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტები და საარქივო მასალები ინახავს არაერთ აგრესიულ შეფასებას, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია და საზოგადოების გარკვეული ნაწილი ილია მეორისა და საპატრიარქოს მიმართ იყენებს.
"ქართულ ოცნებაში" პოლიტიკური მანიპულაციებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მსგავს შეტევებს ყოველთვის საკადრის პასუხს გასცემს და არ დაუშვებს ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფას.
პარლამენტის თვმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ამ დღეებში, "ერთი მხრივ გამოჩნდა სიძლიერე ქართველი ერისა, გამოჩნდა სიძლიერე პატრიარქის მემკვიდრეობისა, მაგრამ, მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ გამოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც დღეს არიან სიმბოლო ანტიქართულობისა".
"ჩვენ არ იფიქროთ, რომ გვარამიების, NGO-ების და ამ დონის ადამიანებზეა ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი იმართება გარედან, ეს არის წლების განმავლობაში ნაკვები და დაფინანსებული ანტიქართული პროპაგანდა, რომელიც გარედან ფინანსდება, გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება. ამის შედეგებს ვხედავთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვხედავთ ამის მარცხს, რადგან ვიხილეთ რამდენიმე ასეული ე.წ პროტესტანტი, მილიონობით ქართველის საპირწონედ. ეს ვიხილეთ ჩვენ და ეს გვაჩვენა პატრიარქმა, რომ წლების განმავლობაში საზღვარგარეთიდან დახარჯული მილიონები, ტრენინგები, სემინარები და ტვინის რეცხვის სხვადასხვა აქტივობები, ყველაფერი წყალში ჩაიყარა. ვნახეთ ჩვენ სოც ქსელებში ვრცელდებოდა სხვადასხვა კადრები, მათი გამონათქვამები, ციტატები და კიდევ ერთხელ გახსენდება ადამიანს, რა სიბინძურეს კადრულობდნენ ეს ადამიანები. ზოგი არის სხვადასხვა ევროპული პრიზის ლაურეატი, ბატონი გვარამია საერთაშორისო ჟურნალისტიკის გამორჩეული პრიზებით დაჯილდოებული და გულში ჩახუტებული ადამიანია მათი მხრიდან, სხვადასხვა NGO-ები, რომლებმაც ერთი სამძიმარიც კი ვერ გაიმეტეს ამ მძიმე დღეებში. როდესაც სხვა ქვეყნებში რაიმე რომ მოხდება, წამს არ გამოტოვებენ, რომ საკუთარი სოლიდარობა არ განაცხადონ. ამაზე მანამდეც საჯაროდ ვსაუბრობდით, როდესაც ეკლესიას თავს ესხმოდნენ უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები. გახსოვთ, რა კამპანიები ჰქონდათ ნაწარმოები ამ უცხოური დაფინანსებით. ერთი მხრივ, გამოჩნდა სიძლიერე ქართველი ერისა, გამოჩნდა სიძლიერე პატრიარქის მემკვიდრეობისა, მაგრამ, მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ გამოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც დღეს არიან სიმბოლო ანტიქართულობისა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.