საქართველოს პირველი ლედი, მელანია ტრამპის მიწვევით, ვაშინგტონში იმყოფება. თამარ ბაგრატიონი დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში არიან განათლების მინისტრის მოადგილე და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, მონაწილეობას მიიღებს შეერთებული შტატების პირველი ლედის, ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტში, - "ერთად უკეთესი მომავლისთვის".
ღონისძიების მიზანია ბავშვებმა განათლებისა და განვითარებისთვის ახალი ტექნოლოგიები უსაფრთხოდ გამოიყენონ.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილი ამბობს, რომ პირველი ლედი მონაწილეობს სამიტში, რომელიც ეძღვნება ბავშვთა უსაფრთხოებას და კეთილდღეობას მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში.
"მელანია ტრამპის უშუალო მოწვევით, საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონშია. იგი მონაწილეობას იღებს დელეგაციასთან ერთად, ამერიკული მხარის განცხადებით, ისტორიულ თეთრი სახლის სამიტში, რომელიც ეძღვნება ბავშვთა უსაფრთხოებას და კეთილდღეობას მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში. ამ ღონისძიებების ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში, გაიმართება უმაღლესი რანგის შეხვედრები, რომელშიც მონაწილეობას იღებენ 45 ქვეყნის წარმომადგენლები. ესენი იქნებიან მინისტრები, პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე ტექნოლოგიური და გლობალური კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც ისაუბრებენ 45 ქვეყნის კოალიციის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე," - აცხადებს თამარ ტალიაშვილი.