27 ოქტომბერი 2026,   01:05
ვრცლად
ეს არის ჩვეულებრივი ცირკი, აბსურდი და საბავშვო ბაღი - ლევან მაჭავარიანი "ევროპის სახალხო პარტიის" 3 წევრის მოთხოვნაზე

თავდასხმა დამოუკიდებელ მედიაზე, - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ევროპის სახალხო პარტია" ევროპარლამენტს სამი ქართული არხის დასანქცირებას სთხოვს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ქვეყნის გარედან მედიაზე შეტევა არ წყდება და ეს პროცესი მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი "ევროპის სახალხო პარტიის" 3 წევრის მოთხოვნას "შეთხზულ ზღაპარს" უწოდებს.

"ოპოზიციის მფლობელობაში მყოფი მედიასაშუალებები ტყუილს ავრცელებენ, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს ევროპარლამენტის პოზიციაა. ეს არის კონკრეტულად სამი პოლონელი დეპუტატის პოზიცია და პოლონეთისგან ეს ჩვენ ნამდვილად არ გვიკვირს. მოსკოვის მექანიზმიც ვიხილეთ, როდესაც მათ სამინისტროში მომუშავე ადამიანი ჩასვეს "მიუკერძოებელ ექსპერტად" და ორ დღეში დააწერინეს 100-გვერდიანი დასკვნა. ეს არის ჩვეულებრივი ცირკი, აბსურდი და საბავშვო ბაღი.

ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ამ ყველაფერს კარგად აანალიზებს და ხვდება, რომ ეს არის შეთხზული ზღაპარი," - აცხადებს მაჭავარიანი.

"ევროპის სახალხო პარტიის" 3 წევრი - კშიშტოფ ბრეიზა, მიხალ შერბა და ანდრეი ჰალიცკი, რომლებიც წლებია, ოპოზიციის ლობისტური კამპანიით არიან დაკავებულები, საქართველოს შესახებ წლიურ ანგარიშში შესწორების შეტანას და ტექსტის დამატებას ითხოვენ, სადაც ისმის კონკრეტული მოთხოვნა და ბრალდებები "რუსთავი 2-ის", "იმედის" და "პოსტივის" წინააღმდეგ.

 

დღის ამბები